ექსპერტიზის გარეშე ჩაბარებული შენობა ტყიბულში და წყალში გადაყრილი მილიონები

720

ტყიბულის სპორტის სასახლეში, რომლის რეაბილიტაციას 2 400 000 ლარი მოხმარდა, წყალი ჩადის. დაზიანებულია რამდენიმე ოთახის ჭერი, კედლები და იატაკი. მოსწავლეებს კი ამორტიზებულ შენობაში უწევთ ვარჯიში. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

გახსნიდან ორ წელიწადში ტყიბულის ერთადერთ სპორტულ დარბაზში მთლიანადაა შესაცვლელი ჭერი, განმეორებით რეაბილიტაციას საჭიროებს დაზიანებული კედლები და იატაკი.

პრობლემის შესახებ უკვე ორი წელია ცნობილია ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის. როგორც სპორტის სასახლის დირექტორი ამბობს, შენობაში წყალი სისტემატიურად არ ჩამოდის. გარდა ამისა, შემსრულებელმა კომპანიამ ერთხელ უკვე შეაკეთა დაზიანების ადგილი, თუმცა, უშედეგოდ. მას შემდეგ კი, დირექტორის თქმით, სამუშაოების დაწყებას უამინდობა უშლიდა ხელს.

“წვიმის დროს არ ჩამოდის. თუ მოთოვს და მერე გაიყინება, ის ყინული რომ დნება, იმის წყალი ჩამოდის. მხოლოდ ერთი ოთახია დაზიანებული. თვითონ დარბაზი იდეალურ მდგომარეობაშია. ამინდები არ იყო, რომ შეგვეკეთებია”, – ამბობს ვალერი კობახიძე.

ტყიბულის არქიტექტურის სამსახურის უფროსი არ უარყოფს, რომ ორი წლის წინ საზეიმოდ გახნილი შენობა განმეორებით რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა, ამბობს, რომ შენობის სახურავი იმ თანხით შეიცვლება, რომელიც კომპანიამ გარანტიის სახით ბიუჯეტში დატოვა.

“შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულებაში აქვს საგარანტიო თანხა 10 000 ლარი და იმ თანხით მოხდება სახურავის შეცვლა. აუცილებლად უნდა შევცვალოთ იატაკიც და ამისთვის გამოვძებნით თანხებს”, – ამბობს ზაზა ზოსიაშვილი.

ჯამში რა დაუჯდება ტყიბულის ბიუჯეტს შენობის ხელახალი რეაბილიტაცია, უცნობია.

როგორც ირკვევა, 2016 წელს, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა სპორტის სასახლე ისე ჩაიბარა, რომ მისი ხარისხი ექსპერტიზის მიერ შემოწმებული არ იყო.

იმის მიუხედავად, რომ სამუშაოების დასრულებიდან მალევე შენობაში წყალი ჩავიდა, ხელმძღვანელობას არც მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალის რაოდენობა დაუდგენია და არც შემსრულებელი კომპანიისთვის მიუმართავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ტყიბულის სპორტის სასახლის რეაბილიტაცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა.

დასკვნის მიხედვით, ინფრასტრუქტურულ პროექტზე არაეფექტურმა კონტროლმა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება გამოიწვია. იმის მიუხედავად კი, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები 2 წელია ინფორმირებულნი არიან აღნიშნული ხარვეზების შესახებ, პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე სახის ქმედითი ღონისძიებები არ გაუტარებიათ.