კრწანისის რაიონში რუსთავის გზატკეცილის N267-ის მიმდებარედ 3 070 კვ.მ-ზე სკვერი განთავსდება.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, დასასვენებელი სივრცე თანამედროვე და შშმ პირებზე ადაპტირებული ინვენტარით აღიჭურვება. ამასთან, პროექტის ფარგლებში, სკვერის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა. სკვერში კი შადრევანი, სკამები და გარეგანათების სისტემა გაკეთდება. ასევე, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.
ხოლო სკვერის მიმდებარედ, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის გათვალისწინებით, პარკინგი მოეწყობა.
“რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გასულ წელს სამი ინოვაციური სკვერი მოვაწყვეთ. მიმდინარე წელს კი არაერთი სკვერის მოწყობა იგეგმება“, – განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ.