პარლამენტარის კომპანიამ სატვირთო მანქანა ძმის სამსახურს ბიუჯეტის ხარჯზე მიაქირავა

634

გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანიამ მისი ძმის სამსახურს სატვირთო მანქანა, მძღოლთან ერთად, 400 ლარად მიაქირავა, თანხა კი შპს “იბოლიას” ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაერიცხა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოში დირექტორის მოადგილედ გორის მაჟორიტარის ძმა ალექსანდრე მაკრახიძე ერთი წელია მუშაობს. შესაბამისად, ძმის კომპანიასთან პირდაპირი წესით შესყიდვის განხორციელება ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს, თუმცა ამ ფაქტზე ხელშეკრულებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში არაფერია ნათქვამი. 

შპს “იბოლიას”, სადაც პარლამენტარი 40% -იან წილს ფლობს, გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებები გასულ წელსაც არაერთხელ აქვს გაფორმებული. ეს კომპანია უწყების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებშიც აქტიურად მონაწილეობდა.

ამასთან, დეპუტატ იოსებ მაკრახიძის ოჯახმა გორის ბიუჯეტიდან 2018 წელს 5 021 930 ლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამასთან, აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ , რომელიც დეპუტატის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.

მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით 2017 წელს სტუდია “მონიტორმა” საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა.