გახანგრძლივებული ვადები და ქუჩების დაგვიანებული რეაბილიტაცია ქუთაისში

911

ქუთაისის სამ ქუჩაზე გასულ წელს დაწყებული სამუშაოები დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა. მერიამ შემსრულებელ სამუშაოებისათვის დრო გაუხანგრძლივა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

გამონაკლისი ვერც ბარათაშვილის, იაშვილის და დუმბაძის ქუჩები აღმოჩნდა და სამუშაო ვადების დარღვევის ტენდენცია ამ შემთხვევაშიც გაგრძელდა.

2018 წლის სექტემბრის ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიებს სამუშაოები 90 დღეში უნდა დაესრულებინათ, თუმცა “ნიუპრესის” ინფორმაციით, მერიამ ხელშეკრულება სამივე ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში შეცვალა.

მერიის ინფრასტრუქტრის სამსახრის უფროსის მოადგილის მირზა ხიდაშელის განცხადებით, ვადების შეცვლა ქუჩებზე დამატებითმა სამუშაოებმა განაპირობა. მისი თქმით, ბარათაშვილის და დუმბაძის ქუჩებზე ვადები წყალმომარაგების კომპანიის გამო შეიცვალა, იაშვილის ქუჩას კი წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად სხვადასხვა კომპანიების მუშაობა დაემატა.

“ქუჩებზე ვადაგადაცილება დამატებითმა სამუშაოებმა გამოიწვია. ბარათაშვილზე და დუმბაძეზე წყალმომარაგების კომპანიის გამო გახანგრძლივდა ვადები და სამუშაოები უკვე დასრულდა. რაც შეეხება იაშვილს, აქ ჩვენი დაქირავებულ კომპანიასთან ერთად ოთხი კომპანია მუშაობს. ისინი თავისი ფინანსებით მუშაობენ და მათ ვერ განვუსაზღვრავთ ვადებს. მივყვებით მათ სამუშაოებს, ველოდებით როდის მოხდება ელექტროგაყვანილობის ბოძების მოჭრა, რომ დავაგოთ ასფალტის მეორე ფენა”-განაცხადა მირზა ხიდაშელმა.

ბარათაშვილის, იაშვილის და დუმბაძის ქუჩები რეაბილიტაცია რეგიონული განვითების ფონდიდან სამი მილიონით დაფინანსდა. მერიამ არჩევნების დაწყებამდე დაჩქარებულად გამოაცხადა ტენდერები და გამარჯვებულები სამივე ქუჩაზე პირველივე ტენდერით გამოვლინდნენ.

წყალმომარაგების კომპანიის გამო ქუთაისში არაერთ ქუჩაზე შეიქმნა პრობლემა. კომპანია მერის კრიტიკის მიზეზიც გახდა, გიორგი ჭიღვარიამ საჯარო შეხევდრაზე განაცხადა, რომ კომპანიის გამო თვითმმართველობას პრობლემები აქვს.

წყალმომარაგების კომპანიას ქუთაისში სამუშაოები გასულ წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვადა 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.