აუდიტის სამსახურმა 6 მუნიციპალიტეტში გამოვლენილ დარღვევებზე პროკურატურას მიმართა

1483

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამტრედიის, ქუთაისის, რუსთავის, ხობის, საჩხერის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, საქმე შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებში დაფიქსირებულ სისტემურ და კომპლექსურ დარღვევებს ეხება.

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 1-ელ მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშებში გარკვეული დანაშაულის შესაძლო ნიშნებსა და რისკებზეა საუბარი. უფრო კონკრეტულად, სამტრედიის მუნიციპალიტიტის ანგარიშში აღწერილია ერთ -ერთი ტენდერი, სადაც მონაწილე კომპანიებს შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახური გარიგების ანუ “აფიდავიტის“ რისკს ხედავს. საუბარია 2017 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, სადაც გამარჯვებულ ფირმას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასფალტის დაგების სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. ტენდერში 2 კომპანია მონაწილეობდა – სს „არქეოპოლისი“ და შპს „ინდიკო“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ ტენდერის გამოცხადების პერიოდში შპს „ინდიკოს“ 100% წილის მესაკუთრე იყო იოსებ გადელია, ხოლო სს „არქეოპოლისი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – მისი ბიძა- დემური გადელია. საბოლოოდ, ტენდერში გაიმარჯვა შპს „ინდიკო“-მ, რომლის მომსახურებაც მუნიციპალიტეტს სს „არქეოპოლის“- მიერ შემოთავაზებულ ფასზე 412.8 ათასი ლარით მეტი დაუჯდა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს არ უმსჯელიათ პრეტენდენტების მხრიდან აფიდავიტის შესაძლო დარღვევის საკითხებთან დაკავშირებით და არც შესაბამისი ღონისძიებები გაუტარებიათ.

აუდიტის სამსახური დანაშაულის ნიშნებს ხედავს ქუთაისის მერიის მიერ მიღებულ გარკვეულ გადაწყვეტილებაშიც. უფრო კონკრეტულად, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მერიამ 4,3 მლნ ლარი გადაუხადა კომპანიას სოციალური სახლის მშენებლობისთვის, თუმცა სახლი საცხოვრებლად უვარგისია. ამასთან, აუდიტის სამსახური მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო გარიგების რისკებზე მიუთითებს.

ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, ქუთაისი მერიამ 2015-2017 წლებში 715 600 ლარი არაეფექტიანად, საჭიროების დასაბუთების გარეშე დახარჯა გარე განათების ქსელის შემოვლა-დათვალიერებასა და მრიცხველების შემოწმებაში და მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდებოდა გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია.

აუდიტის ანგარიშში ასევე საუბარია, ასათიანის ქუჩაზე უხარისხოდ მოწყობილ სანიაღვრე სისტემაზე, რაზეც ქუთაისის მერიამ 168 200 ლარზე მეტი არაეფექტიანად დახარჯა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მრავალი ხარვეზი გამოავლინა რუსთავის მუნიციპალიტეტშიც. განსაკუთრებით საგულისხმოა რუსთავის მარჯვენა სანაპიროს რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც, აუდიტორების დასკვნით, მერიამ ისე ჩაიბარა, რომ დასრულებული არ იყო. ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაცვლად, პერიოდულად უზრდიდა შემსრულებელ კომპანიას დასრულების ვადას. ასევე ირკვევა, რომ რუსთავის მერიამ ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოებიც ისე ჩაიბარა, რომ დასრულებული არ იყო, რადგან სამშენებლო მასალის შესყიდვისა და სამუშაოების დასრულების თარიღი ერთმანეთს ემთხვევა.

საინტერესოა ასევე ხობში, სოფელ საჯიჯაოში ხიდების რეაბილიტაციის პროექტი, რომელშიც მუნიციპალიტეტმა თანხა გადაიხადა, თუმცა, აუდიტორების დასკვნით, სამუშაოები არ დასრულებულა და მოსახლეობა ხიდებით ვერ სარგებლობს. უწყების შეფასებით, საეჭვო გარემოებები იკვეთება შპს „შარა-გზამშენი პირველის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებში. კომპანიას მუნიციპალიტეტი სამშენებლო ვადების დარღვევისთვის არ აჯარიმებდა და დასრულების ვადას უხანგრძლივებდა, საბოლოოდ კი სოფელ ზენის გზების მოასფალტების სამუშაოები, რაშიც მუნიციპალიტეტმა 1 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა, „უხარისხოდ შესრულდა“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტენდერებში არსებული ხარვეზებზე მიუთითებს საჩხერისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

გამოცემა “ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, გამოვლენილი დარღვევები, რომელიც აჩენს დანაშაულის რისკებს, გადაიგზავნა თუ არა პროკურატურაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაადასტურეს, რომ საქმეები, სადაც, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს, გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში.