აბაშის მერი: მეწარმეებს, არა ცენტრალურ, არამედ ადგილობრივ დონეზე სურთ საკითხების მოგვარება

2082

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია ამბობს, რომ აუცილებელია, ქონება ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცეთ. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მაკალათიას განცხადებით, ეკონომიკის მინისტრისა და მეწარმეების შეხვედრაზე, რომელიც აბაშაში გაიმართა, მკვეთრად დაფიქსირდა პოზიცია, რომ მეწარმეებს, არა ცენტრალურ, არამედ ადგილობრივ დონეზე სურთ საკითხების მოგვარება.

“როდის არის ეკონომიკის სამინისტრო მზად იმისათვის, რომ ჩვენ მათ საკუთრებაში არსებული მიწები გადმოგვცეს? აუცილებლად სწრაფად უნდა განხორციელდეს პროექტი და ეს მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანია. ფიზიკურ პირებს თუ შპს-ების წარმომაგენლებს უფრო მეტად უადვილდებათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ვიდრე ცენტრალურ მთავრობასთან, ამიტომაც მნიშვნელოვანია მიწების მუნიციპალურ საკუთრებად ქცევის საკითხი”, – ამბობს მუნიციპალიტეტის მერი.

მაკალათია, ასევე, დაინტერესდა, იგეგმება თუ არა დელეგირებული უფლებამოსილებების გადაცემა სოფლის მეურნეობის კუთხით. “აბაშისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვყავს სოფლის წარმომადგენლები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლებიც ძალიან ეფექტურად იმუშავებენ აღნიშნული მიმართულებით. მაგალითად, ფაროსანასთან ბრძოლა მხოლოდ სიტყვიერი დელეგირება იყო, თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ჩავერთეთ პროცესში და დამეთანხმებით, რომ მუნიციპლიტეტის ჩართულობის გარეშე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებდით. ასევე მივუდგებით სხვა თემებსაც. მოსახლეობას ნდობა აქვს დაკარგული და თუ ეცოდინებათ, რომ ჩვენ შუამავალი რგოლი ვართ, დარწმუნებული ვარ, მეტ შედეგს მივაღწევთ”, – აღნიშნავს აბაშის მერი.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.