წყალტუბოს მერი: დაცული ტერიტორიებიდან მუნიციპალურ ბიუჯეტში თანხა არ რჩება

2192

წინა სტატია

შემდეგი სტატია

წყალტუბოს მინიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი წუხს, რომ დაცული ტერიტორიებიდან მუნიციპალურ ბიუჯეტში თანხები არ რჩება და მიიჩნევს, რომ ამის გამო მუნიციპალიტეტი დიდ შემოსავალს კარგავს. აღნიშნულ საკითხზე იოსელიანმა მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

“წყალტუბოს მუნიციპალიტეტესთვის და არა მარტო წყალტუბოსთვის, მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების საკითხი. მეტიც, წყალტუბოში არის კიდევ მღვიმეები, მაგრამ შემოსავალი არც დაცული ტერიტორიებიდან და არც მღვიმეებიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არ აქვს”, – ამბობს იოსელიანი.

მისი თქმით, აუცილებელია, დეცენტრალიზაციის სტრატეგიამ ეს საკითხიც დაარეგულიროს, რათა მუნიციპალიტეტების შემოსავლები გაიზარდოს.

“როდესაც ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, აუცილებელია, უფრო მეტი ეკონომიკური განვითარებისთვის, ეს შემოსავალი ადგილობრივ ბიუჯეტშიც აისახოს”, – ამბობს იოსელიანი.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.