ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე თანამშრომლები შეარჩია 4 პოზიცია კი ისევ ვაკანტურია

714

ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. თვითმმართველობაში 17 ვაკანტური პოზიციიდან 13 მათგანზე თანამშრომელი შეირჩა, ოთხი პოზიცია კი ისევ ვაკანტურია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

კონკურსის შედეგად შერჩეულ თანამშრომლებს ოფიციალურად მუშაობა არ დაუწყიათ.

“ცამეტივე პირმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს, ამის შემდეგ კი დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე”, – განმარტავენ მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიართობის სამსახურში.

როდის გამოცხადდება კონკურსი ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე, რომლებზეც საკონკურსო კომისიამ თანამშრომელი ვერ შეარჩია, უცნობია.

ვაკანტური პოზიციებია: პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი; მეორადი სტრუქტურული ერთეულის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი; პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიაში ვაკანტურ პოზიციებზე 80 კონკურსანტის 210 განაცხადი შევიდა. დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ, საკონკურსო კომისიამ გასაუბრებაზე, 48 კონკურსანტი დაიბარა.