ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის სოფელ ხირსაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვერას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ადგილობრივებმა სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.
“როგორც აღინიშნა, წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ხირსაში 12 000 ლარი დაიხარჯება. საჭიროების შემთხვევაში, განსახორციელებელ პროექტებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიც დააფინანსებს”, – ამბობენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას მათთან მუდმივ კომუნიკაციასა და პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდნენ.