საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მომხმარებლის მოტყუების, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს – ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, სამტრედიის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის განმავლობაში გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინა.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებული იყო საქონლის ხორცის შეტანისას წარედგინა დამკვეთისათვის მიწოდებული საკვები პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
ამის ნაცვლად კი ბრალდებული აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2-ებს და გაყალბებული დოკუმენტაციით ბაღებში არა საქონლის ხორცთან ერთად ცხენის ხორციც შეჰქონდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.