სამტრედიის 24 საბავშო ბაღში აღსაზრდელები ვირისა და ცხენის ხორცით იკვებებოდნენ. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2018 წლის ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ მომმარაგებელი კომპანია შპს “ელენიკო” ბაღებს საქონლის ნაცვლად ვირისა და ცხენის ხორცს აწვდიდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
“ნაციონალური მოძრაობის” სამტრედიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ემზარ შუბლაძე ამბობს, რომ მომმარაგებლის მიერ არაკეთილსინდისიერი ქცევის ეს შემთხვევა პირველი არ არის.
“2014 წლის მიწურულსაც იყო მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მაშინ ხორცი აღმოჩნდა გაფუჭებული და ბავშვები იღებდნენ ამ გაფუჭებულ საკვებს. მაშინ ჩაფარცხეს ეს საქმე და გაგრძელება აღარ მოჰყვა. ახლაც, როგორც ვიცი გაყინული ფილე შეაქვთ ბაღებში, რომელსაც თანამშრომელი იბარებს როგორც ერთ კილოს და გალღვობის შემდეგ ის რჩება 800 გრამი. ამაზე კი ადმინისტრაცია თანამშრომელს სთხოვს პასუხს. არ არის კონტროლი, არავითარი მონიტორინგი არ ხდება, არის აბსოლუტურად გულგრილი დამოკიდებულება. უამრავი პრობლემაა, მაგრამ ამაზე თანამშრომლები ვერ საუბრობენ, რადგან მათ უკან ოჯახები დგანან”, – ამბობს ემზარ შუბლაძე.
სამტრედიის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მომხდარს ადასტურებენ. ა(ა)იპ-ის შესყიდვების კოორდინატორის, ქეთევან ივანეიშვილის თქმით, ორგანიზაციამ კომპანიას ხელშეკრულება უკვე გაუწყვიტა და 20 000 ლარითაც დააჯარიმა.
“ერთჯერადად მიიღეს ბავშვებმა ეს ხორცი. ფაქტის დადასტურებითანავე 35 კგ საქონლის ხორცი ამოვიღეთ. ბაღების გაერთიანებამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და შპს “ელენიკო” 20 000 ლარით დაჯარიმდა. როგორც ვიცი, ამ შპს-ს საქმეს ფინანსური პოლიცია სწავლობს”, – ამბობს ქეთევან ივანეიშვილი.
რაც შეეხება, გაყინულ და დასამუშავებლად გამზადებულ ხორცს შორის წონის სხვაობის გამო პასუხისმგებლობის თანამშრომლებზე დაკისრებას, ქეთევან ივანეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი რამ არ ხდება და პროდუქტის დამუშავების დროს გათვალისწინებულია მისი სუფთა წონა და ნარჩენების რაოდენობა.
შპს “ელენიკო” სამტრედიის ბაღებს ხორცის პროდუქტებს თითქმის ერთი წლის განმავლობაში აწვდიდა. გაერთიანებამ კომპანიას 68 484 ლარიანი ხელშეკრულება 2018 წლის ოქტომბერში გაუწყვიტა. ახალი ტენდერის გამოცხადებამდე აღსაზრდელებს ხორცის პროდუქტი არ მიწოდებოდათ.
2019 წლიდან სამტრედიის ბაღების გაერთიანებას ხორცის პროდუქტებით ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია, შპს “ნარგული” ამარაგებს.