ქუთაისის მერიაში სამთვიანი რეორგანიზაცია დასრულდა

774

წინა სტატია

ქუთაისის მერიაში სამთვიანი რეორგანიზაცია დასრულდა. რეორგანიზაციის ფარგლებში არქიტექტურის სამსახური გაუქმდა და ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბდა, ხოლო აუდიტის განყოფილება სამსახურად გადაკეთდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის განცხადებით, რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა შტატების რაოდენობა და 298-დან 307-მდე გაიზარდა. ხუთი შტატით გაიზარდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა, ოთხით ინფრასტრუქტურის.

მისი თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში თანამდებობა არავის დაუტოვებია.

ქუთაისის მერიაში ჩატარებულ რეორგანიზაციას უარყოფითად აფასებს ოპოზიცია. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, გაურკვეველია, რატომ გარდაიქმნა აუდიტის განყოფილება სამსახურად, როდესაც რეალურად განყოფილების მიერ საქმე არ კეთდებოდა. მან ასევე გააპროტესტა არქიტექტურის ა(ა)იპ-ის შექმნა და განამარტავს, რომ ის აქტივისტების დასასაქმებლად შეიქმნა.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით კი, ახალი სამსახური და ახალი ა(ა)იპ-ი გაუმჯობესებული სერვისებით იმუშავებენ და მოქალაქეების მომსახურეობა გაუმჯობესდება.