თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში პარკირების საათობრივი საფასური, მისი ინიციატივით, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება, თუმცა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდოს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“ამ თემაზე საკრებულოში შეხვედრა გვექნება მიმდინარე კვირას. საკრებულოს ტრანსპორტის კომისია ან თავმჯდომარე ჩაატარებს თათბირს. მაქვს სურვილი, რომ ამას დაესწრონ სპეციალისტები და ერთად შევჯერდეთ, რა საფეხურებით წავიდეთ ზონალური პარკირების საფასურთან დაკავშირებით.
ჩემი იდეაა, რომ მინიმალური საფასური დავიწყოთ 50 თეთრიდან, მაგრამ არ არსებობს უნიკალური ტარიფი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს. ერთი ტარიფი მთელ თბილისშიც ვერ იმუშავებს, ყველა ქუჩას თავისი სპეციფიკა აქვს, ყველგან სხვადასხვა მოთხოვნაა, ამიტომ უნდა დავადგინოთ მინიმალური ტარიფი და მოხდეს პროცესში დაკვირვება. თუ ამან შედეგი არ მოგვცა, საფასური უნდა გავზარდოთ. აღებული გვაქვს ერთი არეალი – ლესელიძე, თავისი მიმდებარე ქუჩებით. თუ 50-მა თეთრმა მოგვცა შედეგი, მაშინ დავტოვებთ, მაგრამ ამ სისტემის მიზანი არ არის ფულის მოკრება, ამის მიზანია მანქანების მოხმარება შევამციროთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ამასთან, თბილისის ვიცემერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანია „მძღოლმა მანქანა სახლთან დატოვოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდეს“.
ხმალაძის თქმით, მოთხოვნა საპარკინზე ადგილზე ისე უნდა დაბალანსდეს, რომ შევსებული და თავისუფალი სივრცე 85/15 პროცენტზე უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან დაწესდება.
ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.
ასევე, ცნობილია, რომ პარკირების საათობრვ გადასახადს ელექტრომობილების მფლობელები და შშმ პირები არ გადაიხდიან.