პარკირების საფასურის აზრი ის არის, რომ შემცირდეს მანქანების მოხმარება, – განაცხადა თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ პარკირების გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებულ კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, სისტემა ივლისიდან ამოქმედდება და პარკირების საფასური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.
“საკრებულოში უკვე ამ კვირაში გაიგზავნება პროექტი, დაიწყება კომისიებში მსჯელობა, შევჯერდებით საფასურებზე და პირველი ივლისიდან უკვე ამოქმედდება. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საფასური მთლიანად მიემართება მუნიციპალიტეტში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, რომელიც ამ ფულს გამოიყენებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის. საფასურის აზრი არის ის, რომ შემცირდეს მანქანების მოხმარება. იქნება ეს 50 თეთრი, ლარი თუ სამი ლარი, ახლა ვერ გეტყვით. ის დონე უნდა დადგინდეს, რომელიც უზრუნვეყოფს ამ ტენდენციის შეცვლას, რომ ყოველწლიურად იზრდება მანქანების მოხმარება და მცირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება. ეს უნდა შევატრიალოთ, რა საფასურითაც მივაღწევთ ამას, ის უნდა დადგინდეს”, -განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან დაწესდება.
ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.
ასევე, ცნობილია, რომ პარკირების საათობრვ გადასახადს ელექტრომობილების მფლობელები და შშმ პირები არ გადაიხდიან.