გორის ბაღების თანამშრომლები ლია კოვზიაშვილის გადადგომას ითხოვენ

781

წინა სტატია

გორის ბაღების თანამშრომლთა ნაწილი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის გადადგომას ითხოვს. მათი თქმით, თებერვლის ხელფასი დაპირებისამებრ 50-100 ლარით უნდა გაზრდოდათ, თუმცა ამის ნაცვლად ანაზღაურება მხოლდო 30 ლარით გაუზარდეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ჩაგვერიცხა თებერვლის თვის ხელფასი და ველოდებოდით, რომ რაღაცას მოგვიმატებდნენ, მაგრამ მასხარად აგვიგდო ლია კოვზიაშვილმა. სამაგიეროდ, სააგენტოში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ჩვენზე ბევრად ნაკლებად არიან დატვირთულები, 1 000 – ობით ლარს ურიცხავს. მოვითხოვთ, მერი, ასევე აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ სააგენტოს ფინანსური მდგომარეობით და გაარკვიონ, რაში რა იხარჯება და ხელფასებს ვინ რა დამსახურებით იღებს”, – ამბობს აღმზრდელის ერთ-ერთი თანაშემწე.

“დღეს ავიღეთ ხელფასი. 200 ლარს ვიღებდი აქამდე ახლა 230 ლარი ავიღე, ვიტირე, ისე განვიცადე. მთელი დღე 35 – 40 ბავშვი გვაბარია, ამხელა პასუხისმგებლობა, ამხელა დატვირთვა და მთელ ბაღში ყველაზე მცირე ხელფასი ჩვენ გვარგუნეს. ექთანს, მზარეულს ჩვენზე მეტი მისცეს, ჩვენ კი სააგენტო იძულებულს გვხდის წავიდეთ საერთოდ სამსახურიდან”, – ამბობს ბაღის ძიძა.

კოვზიაშვილი მისი გადადგომის მოთხოვნამ გააღიზიანა და “რადიო მოზაიკას“ უკმაყოფილო აღმზრდელის თანაშემწეების ვინაობის გამხელა სთხოვა. ის ფიქრობს, რომ თუ ვინმეს მის მიმართ პრეტენზიები აქვს, საჯაროს საკუთარი ვინაობის გამხელასაც არ უნდა მეორიდოს. 

“რისი საშუალებაც გვქონდა ისე მოვუმატეთ ხელფასი. ვიცით, რომ მიზერული ხელფასებია, მაგრამ რაც შევძელთ, ის გავაკეთეთ. ყველა აღმზრდელსა და აღმზრდელის თანაშემწეს გავუთანაბრეთ ხელფასი. რაც შეეხება მათ პრეტენზიას, რომ სააგენტოში ბევრად მეტი ხელფასები აქვთ, სააგენტო 62 ბაღს ემსახურება და მათ ერთი ჯგუფი ჰყავთ მისახედი“, – განაცხადა ლია კოვზიაშვილმა იმ თანამშრომელთა საპასუხოდ, რომლებიც ხელფასის 30 ლარით მომატებით უკმაყოფილოები არიან. 

შეგახსენებთ, რომ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების მატება გასული წლის ბოლოს დააანონსა. ლია კოვზიაშვილი ამბობდა, რომ თითოეულ თანამშრომელს ხელფასი 50-100 ლარით მოემატებოდა. დღეს კი მათი ნაწილი სააგენტოს ერთთვიან ვადას აძლევს და აცხადებს, რომ თუ მარტიდან დაპირებული მატებით ხელფასს არ მიიღებენ, სამუშაო ადგილებს დატოვებენ და სააგენტოს ხელმძღვანელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო ფორმებს მიმართავენ.