გიორგი ღვინიაშვილი – გამგებლები არც კი კადრულობენ, რომ სეტყვის მერე მოსახლეობასთან მივიდნენ და ნახონ, ამ ადამიანებს რა სჭირთ

932

გამგებლები არც კი კადრულობენ, რომ სეტყვის მერე მოსახლეობასთან მივიდნენ და უბრალოდ ნახონ, ამ ადამიანებს რა სჭირთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კახეთში, სტიქიით გამოწვეულ შედეგებზე ისაუბრა.

ღვინიაშვილის თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწები ძალიან დიდ ფართობზე განადგურებულია, განსაკუთრებით, საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში.

„უმძიმეს მდგომარეობაში არიან სოფლად გლეხები. აბსოლუტურად ბედის ანაბარა არიან მიტოვებული და მათზე არავინ ზრუნავს“, – აღნიშნა ღვინიაშვილმა.

დეპუტატმა ისაუბრა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მუშაობაზე, რომელზეც, მისი თქმით, არაერთი მილიონი იქნა დახარჯული.

„ადგილებზე რომ ჩახვალთ, ვისაც არ უნდა შეხვდეთ, ყველას აქვს ამაზე ლეგიტიმური წუხილი და უნდობლობა. ისინი ამბობენ, რომ რეაგირება არ ხდება დროულად. მე ნამდვილად არ ვიცი, რამდენად ეფქტურად მუშაობს ეს სამსახურები, რა რესურსი იხარჯება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად საშინლად მოდიოდა სეტყვა და ამაზე მეტი უბედურება რა უნდა მოხდეს, მე არ ვიცი“ , – განაცხადა ღვინიაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი