ყვარლის ბაღების გაერთიანების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ყვარლის მერს სასამართლოში უჩივის. მაია სამიტაშვილი ამბობს, რომ როსტომ სესიაშვილმა ის სამსახურიდან უსაფუძვლოდ, მხოლოდ პირადი კონფლიქტის გამო გაათავისუფლა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
“ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რის გამოც მერის წინააღმდეგ სასამართლოში ვჩივი. ყოფილი მერის ბოლო კადრი ვიყავი, რომელიც მერიაში ვმუშაობდი და მეც გამათავისუფლა. ადრე სამსახურიდან სხვა თანაშრომელი გავუშვი სწორედ მისი ბრძანების გამო, ის ქალი მერე მე დამიპირისპირდა, თუმცა მალევე მერმა, მერიის სხვა აიპ-ში დაასაქმა. ამის გამო გვქონდა კონფლიქტი. სასამართლოს ძალით შევძლებ ჩემი უფლებების დაცვას. ამ სარჩელით ვითხოვ სამსახურში აღდგენას”- ამბობს მაია სამიტაშვილი.
ყვარლის მერი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბოლო დროს სამიტაშვილს ურთიერთობა არამარტო თანამშრომლებთან, არამედ მასთანაც დაეძაბა.
“მისი სამსახურიდან გათავისუფლების მთავარი მიზეზი იყო ადამიანებთან არაჯანსაღი დამოკიდებულება. ის კონფლიქტური გახდა, რის გამოც ყველასთან დაეძაბა ურთიერთობა , მათ შორის ჩემთან”- ამბობს როსტომ სესიაშვილი.
ყვარლის ბაღების გაერთიანების ყოფილ ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და სამსახურში აღადგენენ.