ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის ფარგლებში არსებულ ცხრა სამსახურს მეათე, აუდიტის სამსახური დაემატება, რომელიც ამ დრომდე განყოფილების სახით ფუნქციონირებდა. ამასთან, დაგეგმილია
არქიტექტურის სამსახურის ა(ა)იპ ორგანიზაციად გადაკეთებაც. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ქუთაისის მერიაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით 13 თანამდებობის პირია განსაზღვრული. თუ ახალი სამსახური შეიქმნება, ან ვიცემერების შტატები უნდა შემცირდეს, ან სხვა სამსახური გაუქმდეს.
საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, ფუნქციას შეიცვლის არქიტექტურის სამსახური, ის ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბდება და “ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო“ დაერქმევა.
მერიაში განმარტავენ, რომ ა(ა)იპ ორგანიზაციის დაფუძნების შემთხვევაში მოქალაქეებს ღია ფანჯრის პრინციპით მოესახურებიან.
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გასული წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა და 28 თებერვალს უნდა დასრულდეს.