შუშანია: ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის მიზანი პარტიული აქტივის დასაქმებაა

688

წინა სტატია

ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას გაერთიანებული ოპოზიცია ეხმიანება. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ რეორგანიზაციის რეალური მიზანი პარტიული აქტივის დასაქმებაა.

“მიგვაჩნია, რომ ქუთაისის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა არა მერიის მენეჯმენტის გაუმჯობესებას და პრობლემების მოგვარებას, არამედ პოლიტიკური და ვიწროპარტიული ამოცანების გადაჭრას, რაც დადასტურდა ქუთაისის მერის მიერ საკრებულოში წარმოდგენილი ახალი სტრუქტურით.

ახალი სტრუქტურის მიხედვით, იქმნება ერთი ახალი სამსახური და ერთი ახალი ა(ა)იპ-ი, ასევე სხვადასხვა სამსახურებში გაზრდილია შტატების რაოდენობა. რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისი მიიღებს გაზრდილ ბიუროკრატიას, დასაქმებული პარტიული აქტივისტებისა და ახლობლების გაზრდილ რაოდენობას და ბიუჯეტიდან მათ შენახვაზე გაწეული ხარჯების ზრდას, ხოლო ქალაქის წინაშე არსებული პრობლემები ისევ უცვლელი რჩება”, – განცხადა გიგა შუშანიამ.

მისი თქმით, ქუთაისის მერმა კულტურის სამსახურის გაუქმების შემდეგ, მერიის აპარატის შემადგენლობაში არსებული კულტურის განყოფილების გაუქმება გადაწყვიტა, რითაც დაადასტურა, რომ მისთვის კულტურა პრიორიტეტი არ არის და მხოლოდ “თეატრალური მერის” და მსგავსი ტიტულების მიღებაზეა ორიენტირებული.

ამასთან, შუშანიამ აუდიტის სამსახურის ფუნქციაზეც ისაუბრა.

“გაურკვეველია აუდიტის განყოფილების ნაცვლად აუდიტის სამსახურის შექმნა, როდესაც საზოგადოებას არ უნახავს განყოფილების მიერ მომზადებული არც ერთი დასკვნა ჩავარდნილ პროექტებთან და მუშაობის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ“, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

“რეორგანიზაციის პროცესი, ძირითადად, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი, მოქნილი და ოპერატიული სერვისების შექმნას ემსახურება. არქიტექტურის ა(ა)იპი ღია ფანჯრის პრინციპით მოემსახურება მოქალაქეებს და გაცილებით გამარტივებულს გახდის ყველა სახის პროცედურას.

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში იგეგმება აუდიტის სამსახურის შექმნა. თვითმმართველობათა კოდექსის თანახმად, მიზანშეწონილია არსებობდეს შიდა უწყებრივი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ხარვეზების გამოვლენას და მათი აღმოფხვრის ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აუდიტის სამსახურის შექმნა. მართალია, ის აქამდე მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით არსებობდა, თუმცა მისი, როგორც სამსახურად ჩამოყალიბება, რომელიც ფართო უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი, არსებითი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში,”- ასე გამოეხმაურნენ შუშანიას განცხადებას ქუთაისის მერიაში.