მესტიის საკრებულოში სიტყვის უფლებით მხოლოდ რვა დეპუტატმა ისარგებლა

1051

მესტიის მუნიციპალიტეტის 31 დეპუტატიან საკრებულოში სიტყვის უფლებით 2018 წელს მხოლოდ რვა მათგანმა ისარგებლა. გამოცემა “ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტჯერ – 13-ჯერ ამ უფლებით “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა როდამ გვარმიანმა ისარგებლა. მას მოსდევს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე და მისი მოადგილე, ზაურ ჩართოლანი, რომლებმაც ეს უფლება 12-12-ჯერ გამოიყენეს.

ცხრაჯერ ისარგებლა სიტყვის უფლებით შორენა ცინდელიანმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან. შვიდჯერ “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის” წევრმა ვახტანგ ნაკანმა.

ექვს-ექვსჯერ სიტყვით გამოვიდნენ სხდომაზე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაია ხორგუანი და “პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა დევდარიანი.

ხუთჯერ ისარგებლა სიტყვის უფლებით ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ლაშა ფალიანმა.

გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ერთადერთი, ვინც 2018 წელს ინიციატივით წარსდგა საკრებულოში, “პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა დევდარიანია. მას სამი ინიციატივა ეკუთვნის.