როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში

740

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – მესტია – ივნისი.

2023 წელი – ხაიში – მაისი; იდლიანი – მაისი; ეცერი – ივლისი; უშგული – ივლისი; კალა – ივლისი; წვირმი – ივლისი; იფარი – ივლისი; მულახი – სექტემბერი; ლენჯერი – სექტემბერი; ლატალი – სექტემბერი; ლახამულა – სექტემბერი

2024 წელი – ბეჩო – ივნისი; ცხუმარი – ივნისი; ფარი – ივნისი; ნაკრა – აგვისტო; ჭუბერი – აგვისტო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.