ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს

932

ახალციხის მერია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებსაც ყველა საგანში 95 და მეტი ქულა ექნებათ, სტიპენდიას ჩაურიცხავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის საკრებულოში ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ამბარცუმ ბაბოიანი ამბობს, რომ სტიპენდიას მიიღებს ყველა სტუდენტი, ვისაც მაღალი ქულები ექნება. მისი თქმით, წარჩინებული სტუდენტების რაოდენობა განსაზღვრული არ არის.

“აქამდე სტიპენტიას ის სტუდენტები იღებდნენ, რომლებსაც წლის განმავლობაში საშუალო არითმეტიკულით 95 ქულა და მეტი გამოსდიოდათ. ახლა თოთოეულ საგანზეა გამახვილებული ყურადღება. ერთ სემესტრში 500 ლარს მიიღებს სტუდენტი, რომელსაც თითოეულ საგანში 95 და მეტი ქულა ექნება”.

წარჩინებული სტუდენტების წასახალისებლად, სტიპენდიის გაცემის წესი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 18 თებერვალს დაამტკიცა.

სტიპენდია ჩაერიცხებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. ამისთვის სტუდენტმა საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა უნდა წარადგინოს.

გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიპენდია 10 წარმატებულ სტუდენტს გადასცა.