წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერის მოსახლეობას სასმელი წყალი მე-4 დღეა არ მიეწოდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“წყაროდან ეზიდება წყალს მთელი სოფელი. არავინ მოსულა ჩვენთან და არაფერი უთქვამთ. არც ვიცით როდის გვექნება“, – ამბობს ადგილობრივი ნაირა ძაძამია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, სოფლის წყალსაქაჩს წყალი ენგურჰესიდან მიეწოდებოდა, მისი შეწყვეტა კი ენგურჰესის წყალსაცავში წყლის სიმცირემ გამოიწვია.
“სამწუხარო ფაქტია. წყალი არ მიეწოდება ფოცხოეწერს, მაგრამ ენგურჰესის წყალსაცავი თითქმის დაცლილია. აქამდე სოფელს წყალი მიეწოდებოდა მისი ფილტრაციის წყლებიდან. ვეძებთ ალტერნატიულ გზებს, რომ მოსახლეობას წყალი მივაწოდოთ, იმიტომ რომ რემონტი, რომელიც მარტის თვიდან დაიწყება, შესაძლოა, ერთი წელიც გაგრძელდეს“, – ამბობს ფარცვანია.
ენგურჰესის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ წყალსაცავში წყლის დონე მნიშვნელოვნად დაწეულია, თუმცა სარემონტო სამუშაოების დაწყებას უარყოფენ.
“ენგურჰესი შეიძლება გაჩერდეს წყლის უკმარისობის გამო. სარემონტო სამუშაოები არაფერ შუაშია, ის მომავალი წლიდან არის დაგეგმილი“, – ამბობს ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია.