ქუთაისში ნიკეა-ავანგარდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას გზების დეპარტამენტი გააგრძელებს

1014

ქუთაისში ნიკეა-ავანგარდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, რომელიც 2 წლის წინ ქუთაისის მერიამ დაიწყო და მისი ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გააგრძელებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში სამუშაოების გადაბარებას ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ დროისათვის პროექტი არ არსებობს.

“ნიკეა – სულხან საბას გამზირის დამაკავშირებელი გზა, 3 კილომეტრიანია ეს მონაკვეთი, ამის ჯერ პროექტია საყიდელი. პროექტი რომ გვექნება დასრულებული, მერე სამუშაოებსაც განვახორციელებთ”- განაცხადა საავტომობილი გზების დეპარამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ქუთაისის გზების მოვლა-შენახვისათვის 7 მილიონი ლარია განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ჭავჭვაძის გამზირზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მერიამ შემოვლითი გზის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო. ნიკეა-ავანგარდის დამაკავშირებელი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ  ტენდერში 7 კომპანია მონაწილოებდა. ტენდერში ამხანაგობა “მშენებელმა” გაიმარჯვა, რომელმაც სამუშაოების წარმოების უფლება  2 816 448 ლარიან ტენდერში 1 799 999 ლარად მიიღო. კომპანიამ მშენებლობა დაიწყო, თუმცა მალე მიატოვა და არც თანხა დააბრუნა.