რაბათში აბანოების რესტავრაციისთვის სპეციალისტებს თურქეთიდან მიიწვევენ

883

ახალციხეში, რაბათის ისტორიული აბანოების, ასევე, სოფელ ზიკილიაში მეჩეთის სარესტავრაციო სამუშაოებს თურქეთიდან მიწვეული კონსტრუქტორები, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები და რესტავრატორები განახორციელებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“ოსმალური ძეგლების სპეციფიკა მათ უკეთ იციან, ოშკში კი ქრისტიანული სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია საქართველოდან წასული რესტავრატორების მიერ ხორციელდება“, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

ოშკის ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წლის ოთხ მაისს დაიწყო. სამუშაოების დაწყებამდე საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტროებს შორის (2017 წელს) ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ქვეყნებმა თავიანთ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის ვალდებულება აიღეს. თურქეთმა ოშკის მონასტრის კომპლექსის რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს, ხოლო საქართველომ რაბათის გუმბათოვანი აბანოებისა და ზიკილიის მეჩეთის.

რაბათის აბანოების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყება და სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება. ტაო–კლარჯეთში კი ამჟამად ოშკის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც რეაბილიტაცია დაიწყება და სამ–ოთხ წელიწადში მონასტრი პირვანდელ სახეს მიიღებს. მიმდინარე წელს ზიკილიის მეჩეთის რეაბილიტაციის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტიც მომზადდება.

ისტორიული ცნობების მიხედვით, ოშკის ტაძარი მეათე საუკუნის 50-60-იან წლებშია აშენებული. ხოლო არქეოლოგიურად შეუსწავლელი რაბათის აბანოები მე-17 მე-18 საუკუნეების ნაგებობაა. ზიკილიის მეჩეთი კი, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული.