რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ანაკლია-განმუხურში ინფრატრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ საკითხს დეპუტატებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
კერძოდ, დაგეგმილია ანაკლია-განმუხურის ტერიტორიიდან ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკების დაგება, სპორტული მოედნების მშენებლობა, საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქცია, ველობილიკების მოწყობა და ველოსიპედების შეძენა, სანაგვე ურნების შეძენა, საკანალიზაციო სისტემის, გასახდელების მოწყობა, კაფე-რესტორნის და ამფითეატრის რეკონსტრუქცია.
“საკრებულომ მხარი დაუჭირა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალს, რომელიც ეხება ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას, რათა საკურორტო სეზონზე ღირსეულად წარვსდგეთ ჩვენი ვიზიტორების წინაშე. ამ პროექტების სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.