მოსკოვის გამზირის N36-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

950

სამგორის რაიონში მოსკოვის გამზირის N36-ში, რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსის საერთო ეზოში, ინფრასტრუქტურა აწესრიგებენ, რის შემდეგაც აღნიშნულ მისამართზე მრავალკომპონენტიანი დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ეწყობა ტროტუარები და ბორდიური. უახლოეს დღეებში კი 3 200 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მათივე ცნობით, აღნიშნულ სამუშაოებამდე, სრულად შეიცვალა წყალარინების სისტემა.

“ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მასშტაბური დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება. ეზოს ტერიტორიაზე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი, ფიტნეს ტრენაჟორები, დასასვენებელი პავილიონები, საბავშო ატრაქციონები და სკამები; ამასთან, დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება”, – განმარტავენ სამგორის რაიონში.

სამგორის გამგებელმა კახა გულედანმა ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომელთან ერთად, დაგეგმილი პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე გააცნო და მათი წინადადებები მოისმინა. გამგეობის ცნობით, მოსახლეობის წინადადებებს პროექტში გაითვალისწინებენ.