საგარეჯოს სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

829

ცენტრში, რომელიც კახეთის რეგიონში რიგით მეთორმეტეა, მოსახლეობა უმოკლეს დროში 200-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო სერვისის მიღება შეძლებს. გარდა ამისა, მობილური ოპერატორის მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება საბანკო მომსახურება და 24-საათიანი უკაბელო ინტერნეტი.

საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სოფელ უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა, რადგან სოფელი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს, ეთნიკური უმცირესობებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. ამასთან ტერიტორია უშუალოდ სამონასტრო კომპლექს დავითგარეჯას ესაზღვრება.

ცენტრის პირველი მომხმარებელი უდაბნოს მკვიდრი გოჩა მარტიაშვილი იყო, რომელმაც უფასო ელექტრონული მოწმობების აქციის ფარგლებში პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი აიღო. პირადობის მოწმობების აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 1 თებერვლიდან მიმდინარეობს.