ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ განახლებული ევროპული ქარტია

2568

წინამდებარე ქარტიას არ გააჩნია კონვენციის სტატუსი

მიღებულია ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის (CLRAE) მიერ (მე-10 სესია, 2003 წლის 23 მაისი, 128-ე რეკომენდაციის დანართი)

შესავალი

ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ განახლებულ ევროპულ ქარტიას საფუძველი ჩაეყარა ახალგაზრდობის პოლიტიკის პირველ და მეორე კონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებულ იქნა ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მიერ 1988 წლის ივნისში ქ. ლოზანაში (შვეიცარია), ხოლო 1991 წლის სექტემბერში ქ. ლანგოლენში (ჩრ. ირლანდია). მოგვიანებით კი, 1992 წლის მარტში, მუდმივმოქმედმა კონფერენციამ მიიღო რეზოლუცია 237, რომლის 22-ე მუხლი განსაზღვრავს ქარტიის მიღებას.

ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ ევროპული ქარტიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა, ევროპის საბჭოს ახალგაზრდობისა და სპორტის დირექტორატთან თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა კონფერენციას თემაზე – “ახალგაზრდობა, როგორც ქალაქებისა და რეგიონების აქტიური ძალა”. 2002 წლის 7-8 მარტს ქ. კრაკოვში გამართული ამ კონფერენციის მთავარ მიზანს ქარტიის არსებობის მანძილზე ახალგაზრდობის მონაწილეობის სფეროში მიღწეული წარმატებების შეფასება წარმოადგენდა. კონფერენციაზე იმსჯელეს ახალგაზრდობის მონაწილეობის წახალისების სხვადასხვა გზებზე. შედეგად, მიღებულ იქნა კრაკოვის დეკლარაცია, რომლითაც მონაწილეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ ახალგაზრდობა, მსგავსად სხვა ასაკის ადამიანებისა, წარმოადგენს მოქალაქეთა ერთობას და, შესაბამისად, ხელი უნდა მიუწვდებოდეს საზოგადოებაში მონაწილეობის ყველა ფორმაზე. ამასთან, კონფერენციის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში ახალგაზრდობის როლის წახალისებას, განსაკუთრებით, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. გარდა ამისა, კონფერენციამ საკმაო წვლილი შეიტანა ევროპის საბჭოს ინტეგრირებულ პროექტში – “დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობისათვის ხელშეწყობა”.

მონაწილეები დამატებით გამოეხმაურნენ იმ სირთულეებს, რომელთაც თანამედროვე ახალგაზრდობა ხვდება. შესაბამისად, მათ თხოვნით მიმართეს CLRAE-ს და ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საკითხების საკონსულტაციო საბჭოს, რათა მათ დაენიშნათ ექსპერტები ზემოაღნიშნულ ქარტიაში ცვლილება-დამატებების შეტანის მიზნით და შესაბამისობაში მოეყვანათ იგი ოცდამეერთე საუკუნის ახალ გამოწვევებთან, როგორიცაა ინფორმაციული საზოგადოება და სამოქალაქო უსაფრთხოება.

სამუშაო შეხვედრები გაიმართა 2002 წლის ბოლოსა და 2003 წლის დასაწყისში. მათზე გამართულმა მსჯელობებმა საფუძველი ჩაუყარა ქარტიის წინამდებარე ვერსიის ჩამოყალიბებას. იგი დაყოფილია სამ ნაწილად: პირველი ნაწილი ხელისუფლების ადგილობრივ და რეგიონულ ორგანოებს სთავაზობს სახელმძღვანელო პრინციპებს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ სფეროებში. მეორე ნაწილი წარმოგვიდგენს ახალგაზრდობის მონაწილეობაში წინსვლის საშუალებებს. დაბოლოს, მესამე ნაწილი ითვალისწინებს რჩევებს ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის საჭირო ინსტიტუციონალური გარემოს უზრუნველსაყოფად.

იხილეთ სრულად: ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ განახლებული ევროპული ქარტია