ავტორი: გრიგოლ მახარაძე
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს მთავრობის „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიამ“ დღის წესრიგში წამოსწია საქართველოში თვითმმართველობის არსებითი რეფორმირების საკითხი. გარდა უფლებამოსილებების, ფინანსების, არჩევის წესის და სხვა საკითხებისა, სტრატგია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობაში ცვლილებებსაც იითვალისწინებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდა.
საქართველოში 50-მდე ქალაქია. მათ შორის ყველაზე მცირეთა მოსახლეობა 2000-ს არ აღემატება (წალკა, ცაგერი). ყველაზე დიდების (თბილისის შემდეგ) მოსახლეობა კი 100 000-ზე მეტია (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი). თუმცა მათ მნიშვნელოვან რაოდენობას (25-ზე მეტი) 10 000-ზე მეტი მაცხოვრებელი ჰყავს.
ამ ქალაქებს სხვა დასახლებებისგან, დაბებისა და სოფლებისგან გამოარჩევს საქალაქო მეურნეობის (კანალიზაცია, გარე განათება) არსებობა, ურბანული გარემო (ქუჩები, ტროტუარები, სკვერები, პარკები) კულტურული დაწესებულებების (თეატრი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა), მომსახურების და ვაჭრობის ობიექტების (ბანკები, სადაზღვევო, ჯანდაცვის, იურდიული კომპანიები და სხვ.) კონცენტრაცია.
ბევრ მათგანს ქალაქური ცხოვრების საკუთარი ისტორია და ტრადიცია აქვს. დასავლეთ საქართველოს ქალაქები, ოზურგეთი და ზუგდიდი უკვე XIX საუკუნეში იყვნენ ურბანული ტიპის დასახლებები და ჰქონდათ ქალაქური ტიპის ცხოვრება.იგივე პროცესები მიმდინარეობდა დუშეთში, სიღნაღში, თელავში, ახალციხესა და სხვა ქალაქებში. ეს დასახლებები წარმოადგენდნენ ვაჭრობის და ხელოსნობის, ირგვლივმდებარე რეგიონებისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღებისა და მათი წვრილი მანუფაქტურული ნაწარმით მომარგების, განათლებისა და კულტურის მიკროცენტრებს. მათში არსებობდა სამოქალაქო საზოგადოებისა და თვითმმართველობის ჩანასახები.
დღესდღეობით საქართველოში თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ანუ საკუთარი თვითმმართველობა მხოლოდ ხუთ ქალაქს – თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი და ქუთაისი – გააჩნია. დანარჩენი ქალაქები ინკორპორირებულია 60-ზე მეტი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფარგლებში, რომელთა მოსახლეობის საშუალო რიცხოვნობა 66 ათასი ადამიანია. მუნიციპალიტეტები საბჭოთა პერიოდში შექნილი ტერიტორიული ერთეულებია და წარმოადგენენ ერთი ურბანული ტიპის დასახლებისა (ქალაქი, ან დაბა) და სოფლების გაერთიანებას.
ევროპული გამოცდილება
თვითმმართველობის რეფორმამ საქართველოში უცხოეთის დემოკრატიული ქვეყნების ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფის გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს.
საქალაქო თვითმმართველობა თანამედროვე ევროპული დემოკრატიის ერთ–ერთი საფუძველია. თვითმმართველობის ისტორია ევროპაში საქალაქო თვითმმართველობების, ქალაქის უფლების მინიჭების და სახელმწიფო (მეფის) ხელისუფლებასთან დაპირისპირების ისტორიაა.
პირველი ადგილობრივი თვითმმართველობები ევროპაში ქალაქებში ჩამოყალიბდა. ჯერ კიდევ გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიაში გაჩნდნენ ქალაქები, რომლებიც განსაკუთრებულ სტატუსს იძენდნენ და მხოლოდ უშუალოდ იმპერატორს ემორჩილებოდნენ.
მთელი მეორე ათასწლეულის განმავლობაში ევროპის ისტორიას გასდევდა ქალაქებისთვის პრივილეგიებისა და უფლებების, ქალაქად წოდების უფლების (გერმ. Stadtrecht, ჰოლ. Stadsrechten) მინიჭება. მათი თავისუფლება გამოიხატებოდა იმაში, რომ ეს ქალაქები არ იყო ფეოდის ნაწილი. ამას მოჰყვა მოქალაქეების, ბიურგერების კლასის ჩამოყალიბება სოფლად მცხოვრები გლეხობისგან განსხვავებით. მოქალაქეები იწყებდნენ ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების მოგვარებას, აყალიბებდნენ მმართველობის საკუთარ ორგანოებს იქმნებოდა სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახები, გილდიები, ამქრები.
ასეთი ქალაქები იყო გერმანიის ტერიტორიაზე ლიუბეკი, ჰამბურგი, ბრემენი და ა.შ. გერმანიაში Stadtrecht-ის უფლების მინიჭება XII საუკუნიდან დაიწყო და XXI საუკუნემდე გრძელდება. გერმანის ლანდში, შლეზვიგ ჰლშტაინში უკანასკნელად ასეთი სტატუსი მიიღო დასახლება ტორნეშმა, 13 ათასი მოსახლით, რომელიც 2004 წლის 4 დეკემბრიდან თვითმმართველი ქალაქია.
ინგლისურენოვან სამყაროში ასეთივე კონცეფციის აღმნიშვნელი ტერმინია „დამოუკიდებელი ქალაქი“ (ინგლ. Independent city). მაგალითად აშშ-ის ვირჯინიის შტატში 38 დამოუკიდებელი ქალაქია, რომელებიც არ შედიან არცერთი ოლქის (county) შემადგენლობაში.
თანამედროვე ევროპის ქვეყნებში თვითმმართველობა უმეტესად მცირე, ბუნებრივად ჩამოყალიბებულ ერთეულებში ხორციელდება. სხვადასხვა ქვეყნაში თვითმმართველ ერთეულში მოსახლეობის რაოდენობა განსხვავდება (2 ათასიდან 80 ათასამდე), თუმცა სახელმწიფოების უმრავლესობაში ის საშუალოდ 7-დან 18 ათას მოქალაქემდე მერყეობს.
ევროპის რიგ ქვეყნებში ქალაქები ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ცალკე ერთეულებია. ესტონეთში, ავსტრიაში, გერმანიაში მსხვილი და საშუალო ქალაქების თვითმმართველობები გამოყოფილია რურალური ტერიტორიებისგან.
ზოგიერთ ქვეყანაში (ბულგარეთი, სერბეთი) მხოლოდ მსხვილ ქალაქებს აქვთ თვითმმართველი სტატუსი. სხვადასხვა დასახლებების მსხვილ მუნიციპალიტეტებში გაერთიანების ტენდენცია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში (დანია, შვედეთი, ნორვეგია) შეინიშნება. ნორვეგიაში, სადაც 1960-65 წლებში განხორციელდა მუნიციპალიტეტების გამსხვილება, 1992 წლამდე შენარჩუნდა განსხვავება ურბანულ (bykommune) და რურალურ მუნიციპალიტეტებს (herredskommune) შორის. გამსხვილებისას გათვალისწინებული იყო ის სპეციფიკა, რაც სოფლის მოსახლეობის საერთო მოსახლეობასთან დაბალ პროცენტული რაოდენობასა და სოფლად დასახლების დაბალი სიმჭიდროვეში მდგომარეობს.
შერეული მდგომარეობაა პოლონეთში სადაც არსებობს როგორც საქალაქო, ისე სასოფლო და შერეული პირველი დონის თვითმმართველი ერთეულები – გმინები. პოლონეთში სულ 307 საქალაქო გმინაა.
ავსტრიაში არსებული 2354 თვითმმართველი ერთეულიდან (Gemeinde) საქალაქო თვითმმართველობა 201 ქალაქს გააჩნია. 186 ქალაქი პირველი დონის დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულია, მათ შორის ძალიან მცირე ქალაქები რატენბერგი (405 მცხ. 2012 წ.) შრატენჰალი (854 მცხ. 2012 წ.), დურნშტაინი (872 მცხ. 2012 წ.) და ობერვოლცი (995 მცხ. 2012 წ.). 15 ქალაქი განსაკუთრებული სტატუსით (გერმ. Statutarstadt) სარგებლობს და რეგიონებს უთანაბრდება. ასეთივე სტატუსი აქვს ჩეხეთის მსხვილ ქალაქებს (ჩეხ. Statutární město).
ესტონეთის 47 ქალაქიდან 34-ს მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს, ანუ საკუთარი თვითმმართველობა გააჩნია. მათ შორის ისეთ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა 1000 კაცზე ნაკლებია (Mõisaküla 839 მცხ., Kallaste 920 მცხ.).
საქალაქო თვითმმართველობა სასოფლოსგან განცალკევებულია უნგრეთშიც, სადაც 328 ქალაქია (უნგ. város). ბევრ მათგანს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 2000 წელს პრეზიდენტის ბრძანებით. ქალაქების სია კვლავ შეიძლება გაიზარდოს, რადგან პრეზიდენტის ბრძანებით შესაძლებელია სასოფლო დასახლებებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭოს.
ზოგ სახელმწიფოში ურბანული ტიპის თვითმმართველი ერთეულებისათვის დაწესებულია მოსახლეობის მინიმალური ოდენობა. სლოვენიაში 20 000 მცხოვრები; ხორვატიაში 10 000-დან 35 000-მდე.
დარაიონება
საქართველოში არსებული რაიონები საბჭოთა სისტემის პირდაპირი მემკვიდრეობაა. რაიონები მოქმედ საზღვრებში საბჭოთა პერიოდშია ჩამოყალიბებული, სწორედ მაშინ, როდესაც მეფის რუსეთის დროს შექმნილი ტერიტორიული მოწყობა (გუბერნია , მაზრა , სასოფლო საზოგადოება ან ქალაქი) შეიცვალა – 1930 წელს.
რაიონული სისტემა მანადმე არსებულ მაზრებთან შედარებით უფრო მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ქმნიდა და კოლექტივიზაციის პერიოდში ხალხზე მეტი კონტროლისთვის იყო განკუთვნილი.
ცალკეულ შემთხვევებში ახალი რაიონების შექმნა ან არსებული რაიონების საზღვრების ცვლილება ადგილობრივი მმართველი ელიტების მიერ ძალაუფლებისა და გავლენებისთვის ბრძოლით იყო გამოწვეული. შესაბამისად, 1930 წლის შემდეგ რამდენიმე მცირე ცვლილება მოხდა: 1939 წელს ხაშურისა და გორის რაიონების ტერიტორიებზე შეიქმნა ქარელის რაიონი, 1963-64 წლებში გაუქმდა და 1965 წელს ხელახლა შეიქმნა ჩოხატაურის რაიონი და ა.შ.
დარაიონებისას არ იყო გათვალისწინებული ურბანული და სასოფლო დასახლებების გამიჯვნა. მანამდე არსებული სამაზრო ქალაქები, რომლებიც XIX საუკუნეში ქალაქური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ და ურბანულ დასახლებებად ვითარდებოდნენ, მოექცნენ სხვადასხვა რაიონების შემადგენლობაში. მხოლოდ რამდენიმე მსხვილი სამრეწველო ქალაქი დარჩა მეტი კონტროლისთვის რაიონული სისტემის გარეთ – ე.წ. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქვეშ.
საბჭოთა სინამდვილისთვის ურბანული გარემო არ წარმოადგენდა თავისთავად მნიშვნელოვან ფასეულობას, პირიქით, ქალაქური გარემო და ცხოვრების ქალაქური წესი, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოქალაქეობასა და მოქალაქეობრივ იდეებთან, საშიშიც კი იყო შიშსა და მორჩილებაზე დამყარებული ჰიპერცენტრალიზებული სახელმწიფოსთვის. მეორე მხრივ, რაიონული წყობა სრულ ჰარმონიაში მოდიოდა იმდროინდელ ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და დასაქმების სტრუქტურებთან, ცენტრალიზებულ-გეგმიურ ეკონომიკასთან და საზოგადოების ტრადიციული რურალური ცხოვრების წესთან.
თანამედროვე საქართველოში მომხდარი კარდინალური ცვლილებების პირობებში ცენტრალიზებული გეგმიური ეკონომიკის დანგრევის, ძლიერი მიგრაციული ნაკადების, დასაქმების სტრუქტურის მკვეთრი ცვლილების მიუხედავად, ტერიტორიული მოწყობა წარსულის რუდიმენტად არის შემორჩენილი. თვითმმართველობის რეფორმირების ყველა მცდელობამ – 1998, 2002 და განსაკუთრებით 2006 წლებში – არსებითად შეინარჩუნა რაიონული მოწყობა.
2006 წლის რეფორმის შემდეგ დეკლარირებული მიზნის: თვითმმართველობის გამსხვილების პარალელურად ფინანსური მდგრადობისა და შესაბამისი მომსახურების ხარისხის ზრდის ნაცვლად, თვითმმართველობები მთლიანად იქცნენ ცენტრალური ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლობებად, მთავრობაზე ადმინისტრაციულად, პოლიტიკურად და ფინანსურად დამოკიდებულ ორგანოებად, რაც დადასტურდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითქმის მთელ საქართველოში მუნიციპალურ სტრუქტურებში მომხდარი საკადრო ცვლილებებით.
მანკიერი სისტემა
შესაბამისად, შენარჩეუნებულია ტერიტორიული მოწყობა, რომელიც არაა დამყარებული ქვეყნის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური მოწყობის კონცეპტუალურ გააზრებაზე.
არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა საერთო არ ითვალისწინებს ადგილობრივ სპეციფიკას, გეოგრაფიას, ისტორიას, ინფრასტრუქტურას, მოსახლეობის იდენტობას. მუნიციპალიტეტებში ქალაქსა და სოფელს შორის ზღვარი წაშლილია. არსებული მოწყობის პირობებში არც ქალაქი ჰგავს ქალაქს, არც სოფელი სოფელს. ერთ თვითმმართველ ერთეულში ბევრი სოფლისა და ერთი ქალაქის გაერთიანება პირველ რიგში ქალაქების განვითარებას უშლის ხელს.
ქალაქი ურბანული ტიპის მჭიდრო დასახლებაა, რომლის ეკონომიკაში წამყვანი როლი ვაჭრობაში, მომსახურების სფეროს, ზოგ შემთხვევაში მრეწველობას უჭირავს. მაშინ როცა სოფელი დასახლების ნაკლები სიმჭიდროვით და სოფლის მეურნეობაზე ორიენტაციით ხასიათდება. ქალაქი წარმოადგენს ახლომდებარე სოფლებისთვის ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრს, ვაჭრობისა და მომსახურების მიწოდების ძირითად სივრცეს.
ქალაქსა და სოფელს სხვადასხვა ამოცანები უდგათ წინ. სოფლისთვის სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება (გზა, დაზღვევა, სესხები, შხამქიმიკატები და ა.შ.) არის პრიორიტეტული. ქალაქისთვის კი შიდასაქალაქო ინფრასტრუქტურა, განაშენიანების და მიწათსარგებლობის რეგულირების გეგმების მიღება, ტრანსპორტის რეგულირება, გამწვანება, მყარი ნარჩენების მართვა, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მართვა და სხვა ურბანული საკითხებია მნიშვნელოვანი. არსებული პრაქტიკით ჩანს, რომ ადგილობრივი საკრებულოებისა და გამგეობების დღის წესრიგში ურბანული თემები არ ხვდება.
მუნიციპალიტეტების საკრებულოები ნაწილობრივ პარტიულ-პროპორციული, ნაწილობრივ კი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კომპლექტდება. მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებები საკრებულოში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. შესაბამისად, საკრებულოებში გადაწყვეტილებების მიღების დროს სოფლების ინტერესი გაცილებით ფართოდაა ხოლმე წარმოდგენილი, ვიდრე ქალაქის. მაგ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 39 წევრიდან 10 პარტიული სიითაა არჩეული (საკრებულოს წევრთა 25%), 28 სოფლის დეპუტატია (72%) და მხოლოდ ერთი – ქალაქის (3%).
საქართველოს ქალაქების მოსახლეობა ვერ იღებს ადგილობრივი ხელისუფლებისგან იმ საჯარო სერვისების დიდ ნაწილს, რომლებიც თავისი არსით ურბანულია და ქალაქის ინფრასტრუქტურასა და ქალაქური გარემოს კეთილმოწყობას ეხება. 2010 წლის მონაცემების მიხედვით ქალაქებში ოზურგეთი, გორი (მუნიციპალიტეტებში ინკორპორირებული ქალაქები) და რუსთავი (თვითმმართველი ქალაქი) არ არსებობს ინსტრუქციები და ნორმატიულად დადგენილი სტანდარტული პროცედურები ისეთი სერვისების მიწოდებისთვის, როგორიცაა გარეგანათება, საგზაო მოძრაობის დაგეგმარება და პარკირება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა ის დისპროპორცია, რასაც რაიონული სისტემა ქმნის არა მხოლოდ მცირე, არამედ შედარებით დიდი მოცულობის ქალაქების მიმართაც, აერთიანებს რა მათ სასოფლო მუნიციპალიტეტებში. მაგალითად თუ შესაძლებელია მცირე დაბების, როგორებიცაა ჩოხატაური ან სტეფანწმინდა, ახლომდებარე სასოფლო დასახლებებთან ერთად ერთ მუნიციპალიტეტში გაერთიანების დასაბუთება, წარმოუდგენელია იგივე დასაბუთება საქართველოს პირობებში საშუალოზე დიდი ქალაქების, ზუგდიდის (67 ათ. მცხ.) ან გორის (46 ათ. მცხ.) მიმართ. მაშინ, როდესაც ეს სტატუსი მინიჭებული აქვს მოსახლეობის რაოდენობით უფრო მცირე ქალაქს – ფოთს (47 ათ. მცხ.). მოქმედი სისტემა უსამართლოა, რამდენადაც მას არსებითად ერთი ტიპისა და ზომის ქალაქებში შემოაქვს დაუსაბუთებელი განსხვავება და უთანასწორო პირობებს უქმნის ამ ქალაქების მოსახლეობას საჯარო სერვისების მიღებისა და თვითმმართველობის უფლების განხორციელებისთვის.
შედეგები: მეტი დემოკრატია და ურბანიზაცია
ექსპერტული შეფასებებით საქართველოს მუნიციპალური მოწყობის მოდელი არსებით ცვილებებს საჭიროებს. მუნიციპალური რეფორმის შემთხვევაში უნდა გაიზარდოს თვითმმართველი ქალაქების რიცხვი. ქალაქებისთვის თვითმმართველობის უფლების მინიჭება აუცილებელია, როგორც ურბანული განვითარების წახალისების, ასევე მოსახლეობისთვის ხარისხიანი საჯარო სერვისების მიწოდების მიზნით.
თვითმმართველი ქალაქების რიცხვის ზრდამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი ხელისუფლების დაახლოებას მოსახლეობასთან. სწორედ მოსახლეობასთან დაშორება მიიჩნევა მოქმედი მუნიციპალური სისტემის ერთ-ერთ სერიოზულ ნაკლად თვითმმართველი ქალაქების წარმოამდგენლობითი და აღმასრულებელი რგოლები უფრო მეტად შესძლებენ ქალაქის პრობლემებზე კონცენტრირებას, ვიდრე ამას ახერხებს არსებული მსხვილი მუნიციპალიტეტების ხელისუფლება, რომელსაც გარდა ქალაქებისა, სასოფლო და ზოგჯერ განსაკუთრებულ (საკურორტო, მაღალმთიან, ისტორიულ ან სხვა) ტერიტორიებზე ერთდროულად უწევს ზრუნვა.
ქალაქების ნორმალური განვითარებისთვის, ქალაქის მოსახლეობის მიერ ადეკვატური სერვისების მიღებისთვის, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მეტი მონაწილეობისთვის ქალაქებს საკუთარი მერი თუ გამგებელი, საკრებულო, შესაბამისი საქალაქო სამსახურები სჭირდება.
საქალაქო თვითმმართველობას საქართველოში გარდა დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციისა, შესაძლოა გვერდითი, ეკონომიკური ეფექტებიც ჰქონდეს. მან ქალაქების ინფრასტრუქტურის განვითარებას, ურბანიზაციას, ქალაქებში სამუშაო ადგილების გაჩენას უნდა შეუწყოს ხელი, რამაც არსებული დასაქმების სტრუქტურა მომსახურებისა და მრეწველობის სასრგებლოდ უნდა შეცვალოს. ქართული საშუალო და მცირე ქალაქები ახლომდებარე ტრიტორიების ურბანული მიზიდულობის ცენტრებად უნდა იქცნენ.
საქართველო თვითმმართველი ქალაქებისთვის ქალაქის უფლების მინიჭების შემთხვევაში დაუახლოვდება დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტს, სადაც თვითმმართველ ერთეულში საშუალოდ 7-დან 18 ათასამდე მოქალაქეა. საქართველოს იმ ქალაქებს რომელთა მოსახლეობის რაოდენობა ასევე 7 000 ზე მეტია, თვითმმართველი ერთეულის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ასეთი კი საქართველოში 31 ქალაქია. თუმცა, აგრეთვე ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქალაქებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა შესაძლოა 7000-ზე ნაკლებია, მაგრამ არიან რეგიონული ცენტრები ან წარმოადგენენ ისტორიულ ქალაქებს.
თვითმმართველი ქალაქების ხელისუფლება შეძლებს მეტი კონცენტრაცია გააკეთოს ქალაქებისთვის მნიშვნელოვან საჯარო პრობლემებზე, რომლებიც არსებული მეტწილად სასოფლო მუნიციპალიტეტებისთვის არ წარმოადგენს პრიორიტეტებს და შესაბამისად, იშვიათად ხვდება ადგილობრივი საკრებულოებისა და პოლიტიკოსების დღის წესრიგში:
- ქალაქის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების გეგმების მიღება
- მშენებლობების ნებართვების გაცემა და კონტროლი
- გარევაჭრობის რეგულირება
- საგზაო მოძრაობის და პარკირების რეგულირება
- ქუჩების, ტროტუარების, სკვერების და პარკების კეთილმოწყობა, სახელდება და ნუმერაცია
- გამწვანება და გარეგანათება
- კომუნალური მომსახურებების მიწოდება, კონდომინიუმებთან თანამშრომლობა
- წყალმომარაგება და კანალიზაცია
- სადრენაჟო და სანიაღვრე არხების მშენებლობა
ქალაქებს, რომლებიც იქნებიან დამოუკიდებელი სუბიეტები, ექნებათ საკუთარი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი სტრუქტურები, თავისი ბიუჯეტი და კონცენტრირებული იქნებიან საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე. გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და კონტროლი ადგილობრივ თვითმმართველობაზე.
საქართველოს ქალაქებს მიეცემათ შანსი დაგვიანებით დაადგნენ განვითარების ევროპულ გზას.