ზუგდიდის მერიამ გაზეთის გამოსაცემად 17 ათასი ლარი გამოყო

885

ზუგდიდის მერიაში მუნიციპალიტეტის სიახლეების განსათავსებლად კვარტალური მუნიციპალური გაზეთის, “ახალი ზუგდიდის“ ბეჭდვის მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა. გაზეთი 40 ათასი ტირაჟით დაიბეჭდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 ათასი ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, ტირაჟი შარშანდელთან შედარებით სამჯერ შემცირდა. შარშან გაზეთი 120 ათასი ცალის ოდენობით დაიბეჭდა. ამისთვის კი 23 ათას ლარამდე გამოიყო.

“კვლევებიდან და საჭიროებებიდან რაც ვნახეთ, უმჯობესია შემცირდეს რაოდენობა. თავიდან ამდენი იმიტომ გავაკეთეთ, რომ ინფორმაცია მიგვეწოდებინა ჩვენი პროგრამების შესახებ, რაც შეიძლება მეტი მოქალაქისთვის“.

დღეს კი, მერიის განმარტებით, აქვთ ალტერნატიული გზები სიახლეების გასავრცელებლად. მათ შორის აქვთ ვებ-გვერდი. გეგმავენ ბუკლეტების და ბანერების მომზადებასაც და ადგილობრივებისთვის დარიგებას.

გაზეთი რვაგვერდიანია და კვარტალში ერთხელ, 1 000 ტირაჟით გამოიცემა. ის მოიცავს სხვადასხვა რუბრიკას – ქრონიკა, ნომრის სტუმარი (ინტერვიუ), მუნიციპალური სერვისები, ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სოციალური თემა, ჯანდაცვა, სპორტი, ტურიზმი, ანგარიში ხალხს და სხვა.