ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

1093

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორს, მადონა მაქაცარიას მოუსმინა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ა(ა)იპ-ის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 560 ათასი ლარია. მადონა მაქაცარიას განცხადებით, ეს თანხა მხოლოდ ხელფასებს ხმარდება და სხვა აქტივობის განსახორციელებლად ბიბლიოთეკას ფული არ აქვს.

“მიმდინარე წელს არასრული ბიუჯეტი გვაქვს, რადგან ამ ხნის განმავლობაში კიდევ გაიხსნა ბიბლიოთეკა განმუხურსა და ჭითაწყარში, რომელიც შესაბამის ხარჯებს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ ბიუჯეის გაზრდას 40 ათასი ლარით“, – განაცხადა მადონა მაქაცარიამ.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძეს მიაჩნია, რომ ბიბლიოთეკას ადმინისტრაციული ხარჯები დიდია.

“სწორი ფუნქციონალური განაწილება სჭირდებათ, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ ნაწილში, სადაც, შესაძლებელია, ნაკლები იყოს ადმინისტრაციული ხარჯები. არ შეიძლება 500 ათასზე მეტი იხარჯებოდეს ხელფასებში და წიგნის ფონდის განახლებაზე მხოლოდ 5 000“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

შტატების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიაც.

“ჩემი აზრით, შტატები გაბერილია და აიპი ამ მხრივაც ოპტიმიზაციას საჭიროებს. ნაკლები საშტატო ერთეული მეტ თანხას დაზოგავს და დაგეგმილი პროექტების ეფექტურობას გაზრდის. მე ვფიქრობ, რომ დიდი შეცდომა იყო 2014 წელს ცალკე ქალაქის ბიბლიოთეკის აიპის შექმნა, რაც ისევ შერწყმის შემდეგ თანამშრომლების თითქმის გაორმაგების მთავარი მიზეზი გახდა. დღეს მოვუსმინეთ აიპის ხელმძღვანელებს, რომლებმაც მათი მუშაობის მიმართულებები წარმოგვიდგინეს. სანამ ადგილზეც არ გავეცნობით, მანამ არ ვიჩქარებ მათი მუშაობის შეფასებას“, – განაცხადა ბათლომე შელიამ.

კომისიის წევრების შეკითხვაზე, თუ ვის რა ფუქცია ეკისრება ა(ა)იპ-ში, მადონა მაქაცაიამ წარმოადგინა ორგანიზაციის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა, რომელიც ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებაში განხორციელებულ აქტივობას შეეხებოდა.

დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მათ არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ

“გამოიკვეთა საინტერესო საბავშვო მიმართულებით მათი მუშაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს გაირკვა, რომ ბიბლიოთეკის მიერ დაგეგმილ განხორციელებულ პროგრამებზე მოსახლეობის ინფორმირებულობა არის დაბალი, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია“, – განაცხადა ბათლომე შელიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განმარტებით, კომისია გეგმავს ბიბლიოთეკაში მისვლას და მისი საქმიანობის ადგილზე გაცნობას.

“ვფიქრობთ, რომ იყო საინფორმაციო ვაკუუმი. სამუშაო ჯგუფს, მათ შორის, კომისიის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებებს ატარებს ბიბლიოთეკა. აქედან გამომდინარე, გარკვეულ შეკითხვებზე გაიცა პასუხები და დარწმუნებულები ვართ, რომ ბიბლიოთეკის მართვის ცენტრი საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს. ვგეგმავთ, გასვლითი ღონისძიება გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რამდენად ნაყოფიერად მუშაობს ბიბლიოეთკა დ ასევე, დავგეგმოთ ისეთი ღონისძიებები, რომელიც ეფექტურს გახდის ორგანიზაციის მუშაობას“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი მადონა მაქაცარია კი დარწმუნებულია, რომ საკრებულო ბიბლიოთეკის საქმიანობის უკეთ გაცნობის შემდეგ ბიუჯეტს გაუზრდის.