სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს, კერძოდ, სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსად ჟურნალისტი პაატა ლაგვილავა, სამხარეო ადმინისტრაციის უფროსად ლევან წულაია, ხოლო სახლმწიფო რწმუნებულის თანაშემწე ლაშა გვასალია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
პაატა ლაგვილავა იგივე თანამდებობას ლევან შონიას გუბერნატორობის დროს იკავებდა, თუმცა მას შემდეგ რაც ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა, რამდენიმე თანამშრომელთან ერთად თანამდებობა დატოვა.
“საარჩევნო პოერიოდში ერთად ვმუშაობდით საარჩევნო შტაბში. სახელმწიფო რწმუნებული იყო ამ შტაბის უფროსი და მე ვიყავი პრესსამსახურის წარმომადგენელი. სახელმწიფო რწმუნებულმა გამოთქვა სურვილი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების. ეს სურვილი მქონდა მეც და დავთანხმდი“, – ამბობს პაატა ლაგვილავა.
ის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მუშაობას დღეიდან შეუდგა.
პაატა ლაგვილავამ ამ თანამდებობაზე ლიკა ქვარცხავა შეცვალა. ქვარცხავამ სამსახური რამდენიმე დღის წინ დატოვა.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში აცხადებენ, ლევან წულაიას კანდიდატურა კონკურსის წესით შეირჩა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას კი 3 იანვრიდან შეუდგა.
მანამდე ლევან წულაია გუბერნატორის კონსულტანტად მუშაობდა.
სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლაშა გვასალიამ ეს პოზიცია შარშან, სექტემბრის თვეში დატოვა და მუშაობა სახელმწიფო რწმუნებული თანაშემწის პოზიციაზე გაგრძელა, თუმცა, როგორც სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, საკადრო ცვლილებები მასაც შეეხო და 3 იანვრიდან ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.