სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

920

წინა სტატია

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა გვასალიამ თანამდებობა დატოვა. პრესსამსახურის განცხადებით, ის გუბერნატორის თანაშემწე გახდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“ლაშა გვასალია ხელშეკრულებით თანამშრომლობს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანაშემწის პოზიციაზე“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

თუმცა თავად ლაშა გვასალია მის ახალ თანამდებობაზე გადაყვანას არ ადასტურებს.

“ადმინისტრაციის უფროსი არ ვარ, მაგრამ არც ახალ თანამდებობაზე ვარ, ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი, ხვალ გავარკვევ ყველაფერს და შემდეგ გეტყვით“, – განაცხადა გვასალიამ.

12 სექტემბერს ლაშა გვასალიამ გამოცემა “ლაივპრესს” განუცხადა, რომ მისი შემცვლელი უკვე შერჩეულია, თუმცა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.

მან თქვა, რომ შესთავაზეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეობა, რაზეც უარი განაცხადა.

“მე ახლა პირველი რანგის მოხელე ვარ და მესამე რანგზე ხომ არ გადავიდოდი? ჩემთვის ეს მიუღებელია. თვითმმართველობა ძალიან საინტერესო სამსახურია სხვათაშორის, მაგრამ მე ჩემი თავმოყვარეობა მაქვს. ჯერ გათავისუფლებაზე განცხადებას არ ვწერ, ველოდები რაღაც ზარს. მაქვს შეთანხმება და მერე გადავწყვეტთ. აბა ისე ხომ არ იქნება?“, – აღნიშნა ლაშა გვასალიამ.

გვასალია გუბერნატორის აპარატის უფროსად 2015 წლის 3 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ს აქციებში, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იმართებოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პრესსამსახურში დღეს სხვა საკადრო ცვლილებაზეც ისაუბრეს. მათი განცხადებით, გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას კონსულტანტად ლევან წულაია დაინიშნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნის შემდეგ ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიცია 23 აგვისტოს დავით კოდუამ დატოვა. მეორე დღეს იგივე გადაწყვეტილება ყოფილმა პრესსამსახურმა ორ თანამშრომელთან ერთად მიიღო.