“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის ძალიან კარგი ფორმატი, რომლის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ ბევრი კარგი რჩევა და რეკომენდაცია, როგორ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ჩვენი რეგიონული მართვის პოლიტიკა”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქლაივის საშუალებით.
ბახტაძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება პროგრამის ბიუჯეტის გაორმაგების – 40 მილიონ ლარამდე გაზრდის შესახებ, რაც ქვეყნის მასშტაბით 3 700 სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
“ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პროექტი, ვინაიდან სწორედ სოფლის მოსახლეობა წყვეტს, რაში დახარჯოს თანხა სოფელმა და რა არის პრიორიტეტი. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელსაც ვამკვიდრებთ. სახელმწიფო მოხელეები უნდა აკეთებდნენ იმ გადაწყვეტილების რეალიზაციას, რომელსაც მიიღებს მოსახლეობა და ამ შემთხვევაში – სოფელი. ვერც ერთ ადამიანს, რომლიც მმართველობის სისტემაში მუშაობს, ვერ ეცოდინება უკეთ, რა არის გასაკეთებელი. ეს პრაქტიკა ამგვარი კულტურის დამკვიდრების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. 1 000 სოფელში უკვე ჩატარდა კრება, რომელშიც მინისტრებიც და მათი მოადგილეებიც მონაწილეობდნენ, ასევე აქტიური ჩართულობაა პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.