ხარაგაულის საკრებულო მერის საქმიანობის შესწავლას ითხოვს

853

წინა სტატია

ხარაგაულის საკრებულო მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის საქმიანობის შესწვალას ითხოვს, თუმცა, დეპუტატები ჯერ ვერ შეთანხმდნენ, სახელმწიფო აუდიტმა უნდა შეისწვალოს ნიკოლოზ თოფურიძის ერთწლიანი მუშაობა, თუ, კერძო აუდიტმა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

საკრებულოს ოპოზიცია თვლის, რომ სახელწმიფო აუდიტის შემთხვევაში არსებობს რისკები, რომ შესწვალა არასწორი მიმართულებით მოხდეს. უმრავლესობა კი ამბობს, რომ კერძო აუდიტის მიწვევა ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ხარაგაულის ბიუჯეტიდან უნდა ანაზღაურდეს, ამიტომ, უმჯობესია აუდიტი სახელმწიფომ ჩაატაროს.

აუდიტის მოწვევის შესახებ ხარაგაულის საკრებულომ 4 თებერვლის სხდომაზე იმსჯელა, თუმცა, დეპუტატებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

“მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს კერძო აუდიტის მოწვევა, სწორი მიმართულებით შესასწავლად, რადგან არსებობს გარკვეული რისკები. 6 დეპუტატი უკვე თანახმაა აუდიტის მოწვევაზე, გვჭირდება კიდევ 6 წევრის თანხმობა, რომ მერს გავუგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა”, – ამბობს ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია “ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე, თორნიკე ავალიშვილი.

ქალაქის მერთან შეკითხვები აქვს როგორც უმცირესობას, ასევე, უმრავლესობას.

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ქალაქის მერთან შეკითხვები თითქმის ყველა მიმართულებით აქვს.

“კითხვები არის შესყიდვებთან დაკავშირებით, ასევე, აღურიცხავ ქონებაზე, რომელიც მრავლადაა მუნიციპალიტეტში. ვერ მუშაობს სოციალური პროგრამები, გასულ წელს ერთჯერადი მატერიალური დამხარება მხოლოდ შვიდმა ადამიანმა მიიღო. მუნიციპალიტეტმა ვერ აითვისა სტიქიით დაზიანებული ინფრატსრუქტურის აღსადგენად გამოყოფლი თანხა. 1 650 000 ლარის პროექტებიდან მხოლოდ 35% შესრულდა. ბევრი მიმართულებით არის შეკითხვები”, – ამბობს პაატა გოგოლაძე.

ხარაგაულის მერსა და საკრებულოს უმრავლესობას შორის დაპირისპირება ერთ წელზე მეტია გრძელდება. საკრებულოს ბოლო სხდომაზე კი 19 დეპუტატიდან 17–მა მერის, ნიკოლოზ თოფურიძის მუშაობა უარყოფითად შეაფასა, რის შემდეგაც ხარაგაულის საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქცია მერის იმპიჩმენტი მოითხოვა.