ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქის მერს, არჩილ ჩიქოვანს იწვევს. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, არჩილ ჩიქოვანი ვალდებულია საკრებულოს წევრებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს.
მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების განხილვა. რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს მიმართავს, აქვთ თუ არა შეკითხვები ბათუმის მერთან.
„ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაინიშნა, სადაც მიწის გასხვისებისა და ავტოტრანსპორტის ტარიფის გაზრდის საკითხებია გამოტანილი. ქალაქში უამრავი პრობლემაა, ტურისტული სეზონი მოვიდა და ბათუმი მოუწესრიგებელია. სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები არ არის დაწყებული, ასევე, ახალ პროექტზე “ავარიულ სახლებთან” დაკავშირებით შეკითხვები გვაქვს, რომლის პროგრამა ჰაერშია და მხოლოდ ტელევიზიით ვისმენთ. საკრებულოზე აუდიტის დასკვნები განვიხილოთ, რათა შემდგომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ. პასუხისმგებლობა როგორც მერიას, ასევე ოპოზიციასაც ეკისრება. ამასთან, მთავარი მოთხოვნაა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დღის წესრიგში ჩამოთვლილი საკითხები დააყენონ და თქვან, – აქვთ თუ არა შეკითხვები ქალაქის მერთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები თავადაც აწუხებთ და ამიტომ ანგარიშით ქალაქის მერი მოვიწვიოთ, ის ვალდებულია წარსდგეს საკრებულოს წინაშე”, – განაცხადა რეზო ხარაზმა.