თელავის სოფელ კისისხევის და ნასამხრალის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პროლემების მოგვარებას ითხოვს

710

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების კისისხევის და ნასამხრალის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

აღნიშნულ სოფლებში ჩატარებულ შეხვედრებზე, მოსახლეობამ სოფელში მდებარე სანიაღვრე არხების გაწმენდა, სასაფლაოსა და სტადიონთან სველი წერტილების მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება მოითხოვა, რომელიც არსებულ პრობლემებს მოუგვარებთ.

“რადგან აღდგა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, გვინდა ის პრობლემები მოგვარდეს, რომელიც ყველაზე მეტად გვაწუხებს. შეხვედრაზე, რომელსაც მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დავაყენეთ პრობლემური საკითხები. დაგვპირდნენ რომ მოგვარდება’’,- განაცხადეს სოფელ კისისხევში მცხოვრებლებმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დასახელებული პრობლემების მოგვარება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოფლებისთვის გამოყოფილი თანხებიდან მოხდება.

“შეხვედრებზე სოფელ კისისხევში დაასახელეს სხვადასხვა პრობლემური საკითხები: საბავშვო ბაღის სააქტო დარბაზის სახურავის შეცვლა, სოფლის სასაფლაოსა და სტადიონთან სველი წერტილების მოწყობა და სოფლის ბოლოში სანიაღვრე არხის შემკრების გაწმენდა. სოფელ ნასამხრალში კი მოსახლეობამ გადაწყვიტა საბავშვო ბაღის ეზოს და სკვერის კეთილმოწყობა’’,- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.