“კურორტ ნასაკირალის განვითარებით არაბი ინვესტორები დაინტერესდნენ”,- ამის შესახებ გამოცემა “BM.GE-ს” გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ განუცხადა.
მისი თქმით, ნასაკირალის განვითარება ევროპაში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებსაც სურთ. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, საუბარია კურორტის განახლება-აღდგენაზე.
“მოგეხსენებათ, ეს იყო ერთ-ერთ გამორჩეული ბალნეოლოგიური კურორტი, სადაც უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ დასასვენებლად. რამდენიმე წინადადება უკვე შემოვიდა, მათ შორის არიან არაბები, რომლებიც დაინტერესებული არიან კურორტის განვითარებით, ასევე არიან ევროპაში მოღვაწე ქართველები. წელს ვგეგმავთ, რომ ყველა საგზაო პროექტი მოვაწესრიგოთ, რათა შესაბამისი საინვესტიციო გარემო შევქმნათ. გვინდა, რომ კომუნიკაციები შევიყვანოთ ადგილზე და ა.შ.”,- აცხადებს ნასარაია.