სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში სოფლის კრებას დაესწრნენ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნიკოლოზ გაგუას თქმით, კრებებზე წამოჭრილი საჭიროებებიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და მისმა მოცულობამ 40 მილიონი ლარი შეადგინა.
სოფლის მცხოვრებლებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილესა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის პრობლემებსა და საჭიროებებზე. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სოფელ ქოლობანში მიმდინარე წელს სკვერი მოეწყობა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრებები მიმდინარეობს. მერიის ცნობით, კრებები და საჯარო კონსულტაციები უკვე ჩატარდა ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკისა და აბაშის 139 სოფელსა და უბანში.
მერიის ინფორმაციით,”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტისთვის, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განსახორციელებლად 500 000 ლარია გამოყოფილი.