შუშანია: რეგფონდიდან ქუთაისმა 11 მილიონის ნაცვლად მხოლოდ 6 მილიონი მიიღო

680

ქუთაისის საკრებულოს ფრქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გიგა შუშანია ამბობს, რომ რეგფონდიდან ქუთაისმა 11 მილიონის ნაცვლად მხოლოდ 6 მილიონი მიიღო. მისივე თქმით,  ეს ქალაქში მიმდინარე დაუსრულებელ ინფრასტრუქტულ პროექტებს უკავშირდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“მიმაჩნია, რომ ეს არის მცირე თანხა. გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა წელს იყო. მე ეჭვი გამოვთქვი და კითხვა დავსვი, ხომ არ უკავშირდება ეს ჩავარდნილ პროექტებს, რომლებიც მერიამ ვერ გააკეთა ხარისხიანად, ნაწილი კი ვერ დაასრულა და იძულებული გახდა კონტრაქტორებისთვის ხელშეკრულებებიც გაეწყვიტა. ის ექვსი მილიონი, რაც ახლა დაემატა ქუთაისის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ნამდვილად არ არის საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ამ ბიუჯეტით ქუთაისი წელსაც გადათხრილი ქუჩების ქალაქი იქნება”, –ამბობს გიგა შუშანია.

ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ კი საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ექვსი მილიონი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, მხოლოდ ნაწილია იმ თანხისა, რომელსაც ქუთაისის მერია რეგფინდისგან ელოდება. მისი თქმით, მერიას ფონდიდან ჯამში 11 მილიონი ლარი აქვს მოთხოვნილი და დარჩენილ თანხას ადგილობივი თვითმმართველობა მარტში მიიღებს.