2013 წელს განხორციელებულმა თვითმმართველობის რეფორმამ არ გაამართლა, – მუნიციპალიტეტების გაყოფა იყო არაეფექტური, – ამის შესახებ პარლამენტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა განაცხადა, რომელიც დეპუტატებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აცნობს.
გულედანის განმარტებით, 7 მუნიციპალიტეტის გაერთიანებით მოხდება ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და შესაბამისი რესურსის ეფექტურად დახარჯვა.
”2013 წელს კანონის მიღებას თავიდანვე ჰყავდა როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. ეს არ იყო წარმატებული რეფორმა, ხოლო მიდგომა უნდა იყოს ერთიანი. ყველა ქვეყანა ისეთ მიდგომას ირჩევს, რაც მისთვის არის მისაღები. ჩვენ შეიძლება შეგვექმნა ბევრი თვითმმართველი ერთეული, თუმცა ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები განსხვავებულია ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებთან. არ გვაქვს იმის რესურსი, რომ 70-ის ნაცვლად, 150-200 მუნიციპალური ერთეული შევქმნათ. ეს მხოლოდ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას იწვევს და სისტემის დისკრედიტაციას უწყობს ხელს”, – განაცხადა გულედანმა კომიტეტის სხდომაზე.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ იმ მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა, რასაც სამინისტრო მუნიციპალიტეტების მიმართულებით გეგმავს. კერძოდ, როგორც გულედანმა განმარტა, ქვედა დონეებზე მუნიციპალიტეტებში შეიქმნება ტერიტორიული სათათბირო ორგანოები, რომელიც მუნიციპალიტეტამდე მიიტანს მოსახლეობაში არსებულ პრობლემებს. მისივე თქმით, დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტს შეეძლება მხოლოდ ერთი აიპის დაფუძნება და ყველაფერი, რაც აიპების საქმიანობასთან არის დაკავშირებული ერთი ფონდის ქვეშ იქნება ორგანიზებული.
მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხევით 7 თვითმმართველი მუნიციპალური ქალაქი და თემი ერთიანდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი