სამგორის რაიონში გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1331

სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობას ლორთქიფანიძის ქუჩაზე სკვერის მოწყობას დაპირდა.

„მოსახლეობასთან იმ პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომელიც აწუხებთ. მათ დავპირდი, რომ ტერიტორიაზე მათთვის და ბავშვებისთვის სკვერი მოეწყობა. გამწვანებული სივრცე და სასიამოვნო გარემო ექნებათ, სადაც დაისვენებენ. ასევე, მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არის საწარმოები, რომელიც ღამის საათებში მუშაობს. ამასაც დავარეგულირებთ და მოვაწესრიგებთ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სამუშაოები მთელი ქალაქში მიმდინაროებს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ერთდროულად ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„20-25 წლის განმავლობაში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ იყო. დავიწყეთ სამუშაოები, საკანალიზაციო სისტემა მთლიანად შეიცვალა და ორფენიანი ასფალტის გზა ეწყობა. საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე, შიდა ეზოებსაც მოვაწესრიგებთ“, – აღნიშნა კახა გულედანმა.

ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე N20-22-24 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტობეტონის საფარის კაპიტალური მოწყობა ხორციელდება, რისთვისაც საჭირო ნიშნულამდე გრუნტი უკვე მოიჭრა და ამჟამად, ბალასტის ნარევით კონსტრუქციის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, 4600 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა. აღნიშნულ ქუჩაზე წყლისა და წყალარინების ქსელი გასულ წელს უკვე მოწესრიგდა.

“საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 230 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, N20 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება”,- ნათქვამია თბილისისი მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.