მერაბ ქვარაია მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე: უნდა შევეგუოთ

808

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ დღეს ზუგდიდში საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრა ხმაურის და კამათის ფონზე წარიმართა. ყველაზე მეტი კითხვა, რომელიც დეპუტატის მიმართ დაისვა, თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას შეეხებოდა. აუდიტორიამ მისგან მოითხოვა პასუხი, სად იყო ქალაქის მაჟორიტარი მაშინ, როცა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, და შეეძლო თუ არა არ დაეჭირა მხარი ინიციატივისთვის, როგორც ეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ გააკეთა.

მერაბ ქვარაიას თქმით, თვითმმართველობა და რეგიონული პოლიტიკა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად უნდა განიცდიდეს ცვლილებებს და სრულყოფას, ევროპული, წარმატებული მოდელების აპრობირებას, ქართული მოდელის შექმნასთან ერთად.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ისინი 2014 წელს ლობირებდნენ რეფორმას, რადგან ხელისუფლების სათავეში ახალი პოლიტიკური ძალების მოსვლის შემდეგ მათ დახვდათ ჩაკეტილი თვითმმართველობა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების გარდა არავისთან თანამშრომლობდა. მათ შორის იყო სერიოზული პრობლემები მოსახლეობასთან კომუნიკაციის. პარლამენტარის განმარტებით, ეს მიდგომები შეცვლილია. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები პერიოდულად გადიან ხალხში, ისმენენ მათ საჭიროებებს, რასაც კანონმდებლობაც არეგულირებს.

„რეფორმას ქონდა დადებითი ასპექტები, თუმცა ჩემი კოლეგების, უმრავლესობის პოზიციით, იყო ხარვეზებიც, რომელსაც თავის მხრივ საკუთარი ობიექტური გარემოებები აქვს. მე ვიყავი სუბიექტური, და ვარ სუბიექტური. ამიტომაც, საკომიტეტო მოსმენებზეც, საპარლამენტო დებატების დროს ვამბობდი, იქნებ ჯობდეს შევინარჩუნოთ თვითმმართველი ქალაქები ამ შვიდ ქალაქში? იქნებ ვიმუშაოთ ამ ხარვეზებზე, რომლის დახვეწაც აუცილებელია?“ – აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

თუმცა, მისი განმარტებით, პარლამენტარების უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ქვეყანას დღეს არ აქვს ფუფუნება, დღეს არსებული მოდელით დაყოს მუნიციპალიტეტები და დააფინანსონ. დეპუტატისვე თქმით, იყო შესაბამისი არგუმენტებიც. მაგალითად ზუგდიდის შემთხვევაში, მაჟორიტარი ამბობს, რომ თემი და ქალაქი ერთიანი ორგანიზმია, თუმცა გაყოფამ ერთგვარად გააუცხოვა ეს ორი ერთეული. კერძოდ, სოფელი მოწყდა იმ რეალობებს, თუ რა მიმართულებით ვითარდება ქალაქი, და პირიქით:

„მე გეტყვით პირდაპირ. მე დავუჭირე მხარი რეფორმას, რომელიც ხორციელდება და ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა ბოლომდე დავრჩი ჩემს მოსაზრებაზე, რომელიც იციან ჩემმა კოლეგებმა, ვიყავი მომხრე შეგვენარჩუნებინა ის მოდელი, რომელიც არსებობდა. ამავე დროს, სულაც არ ვფიქრობ, რომ ტრაგედია მოხდა“.

მერაბ ქვარაიას თქმით, შემხვედრი პასუხები არგუმენტად ისიც იყო, რომ ბიუჯეტი გაერთიანებული მუნიციპალიტეტების არ მცირდება. ქალაქს ძველებურად ეყოლება ხუთი მაჟორიტარული ოლქი. ასევე, შეიქმნება მერიაში კოლეგიალური მართვის საბჭო, რომელიც მნიშვნელოვან პროცესებზე, მაგალითად, როგორიცაა დანიშვნები, გადაწყვეტილებებს მიიღეს, და ეს არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ერთი პირზე. შესაბამისად, პარლამენტარი ფიქრობს, რომ შეცდომებიც ნაკლები იქნება. კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე საკრებულოს როლის ზრდა იქნება.

„ხშირად გავიგებთ, რომ თვითმმართველობა გაუქმდა, ქალაქი გაუქმდა. ორივე ეს არის არათუ მცდარი, აბსოლუტურად დილეტანტური გამონათქვამი. არანაირი კავშირი თვითმმართველობის გაუქმებასთან არ აქვს რეფორმას, რომელიც ხორციელდება. ისევე, როგორც არანაირი კავშირი არ აქვს ქალაქის გაუქმებასთან“, – აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

მისივე თქმით, მართალია ზუგდიდი არ იქნება თვითმმართველი ქალაქი, მაგრამ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ და „შევეგუოთ“.

პარლამენტარმა განმარტა, რომ კარგი იქნებოდა მოსახლეობის მეტი ინფორმირება თავიდანვე მოცემულ ცვლილებებზე, მეტი კონსულტაციები, რაც თავიდან აგვარიდებდა რიგ საკითხებზე არასწორ წარმოდგენებს.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 22 მაისს, დაპირისპირების და პროტესტის ფონზე მოიწონა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივა. უფრო ადრე აღნიშნულ წინადადებას მხარი თემის საკრებულომაც დაუჭირა.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო ანგარიში მოსახლეობასთან, აუდიტორიის უმრავლესობას საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო: ლაივპრესი