ცქიტიშვილი: დუშეთი ტურისტული ადგილი უნდა გახდეს

1612

წინა სტატია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა, რომ დუშეთი ტურისტული ადგილი უნდა გახდეს. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, კერძო სექტორის დაინტერესების მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დუშეთში სხვადასხვა მიმართულებით, რამდენიმე პროექტს ახორციელებს.

“ცენტრალურ უბანში 40 სახლზე მეტია, საიდანაც 24 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ვგეგმავთ მათ სრულ რეაბილიტაციას. ასევე აქ არის ძალიან საინტერესო ობიექტი, ე.წ. ჭილაშვილების სასახლე, შატოს მსგავსი შენობა, რომელიც დღეისთვის, სამწუხაროდ, მიტოვებულია. ჩვენი ხედვა გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ სახელმწიფო, ბიზნესის მონაწილეობის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ უზრუნველყოფს რეგიონების განვითარებას. ამიტომ, ბიზნესის ასოციაციის დახმარებით, ვგეგმავთ ღონისძიებას, სადაც კერძო სექტორს შევთავაზებთ, გავაცნობთ მათთვის ჯერ უცნობ შენობებს, რომელსაც ტურისტულად ძალიან საინტერესო პოტენციალი აქვს, და მათ შორისაა ჭილაშვილების სასახლე, ასევე – ბორჯომში კავალერიის მუზეუმი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასულ წელს დაასრულა დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.

სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის დახმარებით, მომავალი წლის ბოლოს დასრულდება ისტორიული ქუჩებისა და სახლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, მათ შორისაა ილია ჭავჭავაძისა და ე. წ. აპრელოვის სახლები. პროექტის მიზანია მათი პირვანდელი სახით აღდგენა, ასევე – გზის საფარის, ტროტუარებისა და გარეგანათების მოწყობა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ ამ პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მიმდებარე არეალში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.