“ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხსენით კობი-გუდაურის 7, 5 კილომეტრიანი საბაგირო გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონულ ჭრილში. 111 გონდოლიანი 3 საბაგირო გზა, 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება. საბაგირო საათში 2 800 მგზავრს მოემსახურება. ეს ახალი საბაგირო გზა, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, ადგილობრივ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას იძლევა“, – განაცხადა საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.
ასევე, ცქიტიშვილმა გუდაურის განვითარების გენერალურ გეგმაზეც ისაუბრა, რომელიც მიმდებარე არეალების ათვისებას და განვითარების გეგმასაც მოიცავს, კერძოდ სეთურების, კობის და თრუსოს დაცული ტერიტორიის.
“გუდაურის სათხილამურო პოტენციალის შეფასებისას, არქიტექტურული და სივრცითი მოწყობიდან გამომდინარე, თვალსაჩინო გახდა რომ გუდაური თავისი ლანდშაფტიდან და უკვე არსებული განაშენიანებიდან გამომდინარე სრულდ ვერ უზრუნველყოფს გაზრდილ მოთხოვნებს, ამიტომ მოხდა დამატებითი არეალების შესწავლა. სწორედ, ასეთი გენგეგმის ანალიზით და სივრცითი მოწყობის პროცესში მივიღეთ გადაწყვეტილება კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობის თაობაზე. კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობის შემდეგ, კობი, როგორც ჯერ კიდევ აუთვისებელი ახალი მთის კურორტი ხდება ახალი მოზიდულობის წერტილი – ცენტრი, სადაც არის შესაძლებელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითრება, კერძოდ ეს არის, დაახლოებით, 1 800 ახალი საწოლიანი ადგილი. ჩვენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან 2019 წელს ვგეგმავთ კობში საზოგადოებრივი პარკინგის მოწყობას იმისთვის, რომ უკვე კობი გახდეს მათ შორის მომსახურე არეალი გუდაურისთვისაც და ის ხალხი რომელიც ჩრდილოეთიდან მოდის მათ შეეძლებათ კობში გააჩერონ ავტომანქანები და ისე მოხვდნენ გუდაურში, მოიხსნება სატრანსპორტო კოლაფსიც რაც გვაქვს ხოლმე პიკურ სეზონებზე“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ასევე, ვიცეპრემიერმა, თრუსოს დაცულ ტერიტორიაზე, როგორც ახალ ტურისტულ შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
“თრუსოს ტურისტული და ინფრასტრუქტურული განვითარება მოხდება იმ სტანდარტით რა სტანდარტიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაცულ ტერიტორიასთან მიმართებაში. კერძოდ, თრუსოს ხეობაში გვაქვს დაგეგმილი მცირე ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, პატარა გასაჩერებელი ადგილების მოწყობა, შესასვლელი გზის მოწესრიგება. რა თქმა უნდა, ასფალტით და მაგისტრალებით არ შევალთ და გავუფრთხილდებით იმ ლანდშაფტს რომელიც არის, მოეწყობა ბილიკები. იცით რომ ყაზბეგს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს, ასე რომ ახალი ადგილების შექმნა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უშუალოდ კობში და მიმდებარე დასახლებებში, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ბიზნესი. ეს არის ის რეგიონული განვითარების ხედვა, რომელსაც ჩვენ ყველა ამ პროცესში ჩართული უწყება ვცდილობთ, რომ მივყვეთ“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.