კალაძე: 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 400 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

968

წინა სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც თბილისის მერიამ 2019 წელს ქალაქში უნდა განახორციელოს, საკმაოდ ამბიციურია და ყველა პროექტი ხარისხიანად ჩატარდება, რისთვისაც 400 მილიონ ლარამდე თანხაა გამოყოფილი.

“გუშინ ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას წარვუდგინეთ ის პროექტები, რომლის განხორციელებას 2019 წელს ვგეგმავთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, გუშინ წარმოდგენილი პროექტები იყო, მხოლოდ და მხოლოდ, ის მსხვილი პროექტები, რომელსაც დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. სხვა მცირე და საშუალო ზომის პროექტებს განახორციელებენ დედაქალაქის გამგეობები. საერთო ჯამში, ყველა რაიონს აქვს მასშტაბური პროექტები, რაც ჩვენს ქალაქს აუცილებლად დაეტყობა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ქუჩა მოწესრიგდება, ბევრი ახალი სკვერი გაკეთდება და ა.შ .

ამ პროექტების განხორციელებაში 400 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტებს თუ გადავხედავთ ძირითადი სამუშაოები წელს სრულდება, თუმცა გვაქვს ისეთი პროექტები, რომელიც 2020 წლისთვის დასრულებულდება.

რაც მთავარი და მნიშვნელოვანია და რასაც მოსახლეობას ვპირდებით, არის ის, რომ სამუშაოები ხარისხიანად ჩატარდება, რათა გაუძლოს დროს. ეს მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. სადაც შევდივართ, ყველგან გვინდა, რომ ფუნდამენტური ცვლილებები განვახორციელოთ, დაწყებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით, განათებებით დასრულებული.

რაც შეეხება ამ პროექტებს, ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი კაპიტალური ინვესტირება მუნიციპალიტეტის მიერ თბილისის ეკონომიკაში, რომელიც ბიძგს მისცემს ქალაქის ეკონომიკური განვითარებას იმ თვალსაზრისით, რომ გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება და მოსახლეობის შემოსავალი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ, როგორი იქნება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დიდ დიღომსა და ვარკეთილში; როგორ მოეწყობა დიღმის ჭალების ახალი პარკი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი; განახლებული ფიროსმანისა და გუდიაშვილის ქუჩა; როგორ განვითარდება გორგასლის სანაპირო; როგორი იქნება განახლებული დედა ენის ბაღი, გამოფენა, მშრალი და საარბრუკენის ხიდები. როგორ მოეწყობა აეროპორტთან არსებული მონუმენტის – “ადამიანი და მზე” მიმდებარე ტერიტორია და როგორი იქნება ვაშლიჯვრის გზაგამტარი.

ასევე, გუშინ გამართულ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ უნივერისტეტის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი ერთმანეთს ახალი საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება.