თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის, უახლოეს მომავალში, დედაქალაქში ბიზნესაქსელერატორი ამოქმედდება.
“ბიზნესაქსელერატორის სამუშაო სივრცე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს იქნება ერთგვარი ჰაბი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნეს იდეები გააჩნიათ, თუმცა არ აქვთ წვდომა იმ რესურსებთან, რომელთა დახმარებითაც, შეიძლება მათი იდეები ბიზნესგეგმად გარდაიქმნას. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული, საკმაოდ საინტერესო იდეები აქვთ, რომელთაც ამ პროექტის საშუალებით, მათ განხორციელებაში დავეხმარებით. გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესთან, რომელიც პროცესში აქტიურად არის ჩართული და ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ, ამ საინტერესო იდეების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ბიზნესგეგმის მომზადების პროცესში, სპეციალისტებისგან კონსულტაცია მიიღონ, რაც ფინანსისტის, მარკეტინგის სპეციალისტისა და ანალიტიკოსის კონსულტაციებს ითვალისწიებს.
პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.