მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობა – ცვლილება ცვლილებისთვის თუ რეალური დეცენტრალიზაციისთვის

1230

“კახეთის ხმა”

დეცენტრალიზაციის სტრატეგიული დოკუმენტის გეგმის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულები ფინანსურად დამოუკიდებლები იქნებიან.

მოსალოდნელი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტების ფინანსური შემოსულობების გაზრდისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიების განხორციელება იგეგმება. დოკუმენტის მეორე სტრატეგიული მიზნის მიხედვით, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური დოვლათით დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების თანმიმდევრული ზრდის ხელშეწყობა და სახელმწიფო რესურსების განაწილების მექანიზმების გაუმჯობესება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ როსებაშვილი აცხადებს, რომ ფისკალური დეცენტრალიზაციის მიღწევის მიზნით უნდა შეიქმნას საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული ფინანსური შემოსავლების გარკვეული პროცენტული ოდენობის მუნიციპალიტეტის შემოსავლებში/ბიუჯეტში მიმართვას ტერიტორიულობის პრინციპის დაცვით.
მისივე თქმით, დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ ამ მიმართულებით გადაიხედება სახელმწიფო ქონების იჯარის გაცემიდან და გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების განაწილების მოცულობა ბიუჯეტებს შორის.

“ცვლილებების შემდეგ გადაიხედება ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ‘‘ საქართველოს კანონში შევა ცვლილებები და სარგებლობის ლიცენზირების გარკვეული სახეების კომპეტენცია გადაეცემა ადგილობრივ თვითმმართველობას. საშუალოვადიან პერსპექტივაში მომზადდება ცვლილებები საბიუჯეტო კოდექსში, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი შემოსავლების გაზრდა მათი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით. ამ კუთხით განხილული იქნება საშემოსავლო გადასახადის საზიარო წილის პროცენტის ცვლილება. გადაიხედება ქონების გადასახადის გაანგარიშების წესი, გადამხდელთა და დაბეგვრის ობიექტები. გამარტივდება პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის მიერ მის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირების საკითხთან. რაც შეეხება შემოსავლების განაწილების პრინციპს, მომზადდება ცვლილებები საბიუჯეტო კოდექსში, რომელიც დაკავშირებულია გათანაბრების პოლიტიკის განსაზღვრის და გაანგარიშების პრინციპებთან და მეთოდიკასთან და დადგინდება შემოსავლების განაწილების პრინციპი. განაწილების პრინციპი განისაზღვრება კანონით. ამასთან, 2019 წლიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილდება. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად თვითმართველობის დაფინანსების მექანიზმების სრულყოფაც იგეგმება. მომზადდება უფლებამოსილების დელეგირების ინსტრუქცია. დოკუმენტში გაიწერება დელეგირების პირობები, მექანიზმი, პირობები. განისაზღვრება დელეგირებული სერვისის ღირებულების გაანგარიშების წესი”,- აცხადებს როსებიშვილი.

მისივე განმარტებით, დაფინანსების წინა მოდელის მიხედვით, თუ მუნიციპალიტეტი გაზრდიდა საკუთარ შემოსავლებს, ზუსტად იმ თანხის ოდენობით ნაკლებ ტრანსფერს გასცემდა ფინანსთა სამინისტრო.

“ახალი მოდელის მიხედვით, მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობით გაზრდის მუნიციპალიტეტი თანხას, ფინანსთა სამინისტროდან გასანაწილებელ თანხებში დაკლებული აღარ იქნება. 2019 წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და არ შემცირდება”.

ექსპერტი კოტე კანდელაკი ამბობს, რომ დამატებითი ფინანსური რესურსის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვება და მთავარ საფინანსო დოკუმენტში საშემოსავლო გადასახადის ასახვა დეცენტრალიზაციის პროცესზე დადებითად აისახება.

“დღეისთვის მუნიციპალიტეტს საშემოსავლო გადასახადის მცირე პროცენტი რჩება. აუცილებელია მეტი თანხა დარჩეს ადგილზე თვითმმართველობას, რომ ამ კუთხით უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვოს. ვფიქრობ, ცენტრალურმა მთავრობამ უნდა გასცეს არა მითითებები, როგორ უნდა დახარჯოს მუნიციპალიტეტმა ფინანსები, არამედ იყოს თანამშრომლობა, კონსულტაციები და ზედამხედველობა, რომ ვინმემ კანონი არ დაარღვიოს. რაც შეეხება დეცენტრალიზაციის სტრატეგიულ გეგმას, ჩვენ მის შემუშავებაში ვიყავით ჩართული და სამუშაო ჯგუფებს შევთავაზეთ ფინანსური გადანაწილების ახლებური ვარიანტი, საშემოსავლო გადასახადის ზიარ გადასახადად გადაქცევასთან დაკავშირებით. როგროც გვაქვს ინფორმაცია, სტრატეგიაში ეს საკითხი ჩაიწერა. მეორეა, როგორ აღსრულდება ის და რა ვადებში. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ სისტემაზე გადასასვლელად არ არიან მზად. მათ მინიმუმ 1 წელი მაინც სჭირდებათ ამისთვის”, – განუცხადა Knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის თელავის ოფისის კოორდინატორის, ნიკოლოზ შარვაშიძე განმარტავს, რომ თვითმმართველობების ფინანსური დეცენტრალიზაციისთვის მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვება.

“ვიცი, რომ შეიცვალა მუნიციპალიტეტების დაფინანსების წესი და დღგ-ს გადანაწილება, რომელიც არის ცენტრალიზებული გადასახადი და არა საშემოსავლო გადასახადის დატოვება ადგილზე. მიმაჩნია და ეს არის მსოფლიო პრაქტიკაც, რომ ნებისმიერ ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადი რჩება ადგილზე, სადაც იქმნება დოვლათი, ხოლო დღგ არის ცენტრალიზებული, რომელიც პირდაპირ მიბმულია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. მისი აღრიცხვა მუნიციპალიტეტისთვის არის ძალიან რთული და უწყება ვერ დაგეგმავს თავის შემოსავლის ან ეკონომკურ ზრდას გარკვეულ პერიოდში”,- ამბობს ნიკოლოზ შარვაშიძე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ფიქრობს, რომ ფინანსური დეცენტრალიზაციის პარალელურად გაიზრდება თვითმმართველობებისთვის პასუხისმგებლობაც.

“დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიხედვით, ჩვენი შემოსავლები გაიზრდება, რადგან გადასახადების დიდი ნაწილის ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩენა იგეგმება. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები და შემოსავლები იქნება უფრო მეტი, ვიდრე აქამდე იყო. გარდა ამისა, უფლებამოსილებების გაზრდასთან ერთად იზრდება პასუხისმგებლობები თითოეული მოხელესთვის “, – აღნიშნავს ხანდამაშვილი.