ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ისნის რაიონში ქეთევან წამებულის N76 ბ-სა და N82 კორპუსებს შორის არსებულ სარეაბილიტაციო სკვერის ტერიტორიაზე, ცხაურის ტიპის ოთხ ავტოფარეხს დემონტაჟი ჩაუტარდა.
გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული კონსტრუქციები სკვერის მოწყობისა და განახლების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა.
“ავტოფარეხებისგან ეზოს გათავისუფლების შემდეგ, ტერიტორია დასუფთავდება, ხოლო მის ნაცვლად, გამგეობა რეკრეაციული სივრცის მოწყობას დაიწყებს”, – განმარტავენ გამგეობაში.
“ჩვენ წელსაც აქტიურად განვაგრძობთ მერის ინიციატივით დაწყებულ კამპანიას. გასულ წელს მოსახლეობის მხრიდან აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, რაც მისასალმებელია. უსახური ავტოფარეხებისგან ეზოების გათავისუფლება ხუთ მისამართზე მოვახერხეთ, სადაც კეთილმოწყობის სამუშაოები ჩავატარეთ. ბერი გაბრიელ სალოსის N15-ში მოცულობითი სკვერის მოწყობა დაიგეგმა, რომელსაც სულ მალე განვახორციელებთ. ამჯერად, ქეთევან წამებულის გამზირზე N76 ბ-N82-ის ეზოში ოთხი ავტოფარეხი დავშალეთ. ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხაურების დაშლის მეტ ინიციატივას გამოიჩენს და თანამედროვე სკვერის მოწყობის შესაძლებლობა მოგვეცემა“, – განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ისნის რაიონის გამგეობამ გასულ წელს, ხუთ მისამართზე 81 ცხაურის ტიპის ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, რომელთა შორისაა, ონაშვილის ქუჩა N9, ლეხ კაჩინსკის ქუჩა N9, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N13-15, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის მე-15 კორპუსი, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის მე-17 კოპრუსი. აღნიშნულ მისამართებზე კეთილმოეწყობის სამუშაოები უკვე ჩატარდა, ხოლო ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერის მოწყობის პროექტი მომზადდა, რომლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში განხორციელდება.